26 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
რესტორან „რეტროს“ ხელმძღვანელ თეიმურაზ ვარშანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

რესტორან „რეტროს“ ხელმძღვანელ თეიმურაზ ვარშანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მიიღო.

ვარშანიძე წინასწარი დაკავების იზოლატორს გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობის სახით 5000 ლარი შესთავაზა, ასევე მოითხოვა, რომ ბრალდებულმა საქმის დასრულებამდე ქვეყანა არ დატოვოს. თავად თეიმურაზ ვარშანიძემ სასამართლოს განუცხადა, რომ ხმამაღალი საუბრისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის, თუმცა ბრალს არ აღიარებს.

„ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას. ამ ამბავს ძალიან განვიცდი. არავისთვის ხელი არ დამირტყამს, არავის ხელით არ შევხებივარ. ჩემს ხელში გაზრდილ ბავშვებს გვერდით ვედექი როგორც ჩემს შვილებს. როცა შევამჩნიე რომ უკმაყოფილო იყვნენ, გამიკვირდა, ვთხოვე გარეთ გასულიყვნენ. პირველად აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში. თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას“, - განუცხადა სასამართლო სხდომაზე თეიმურაზ ვარშანიძემ.

შეგახსენებთ, რესტორან „რეტროს“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს. მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობაც განახორციელა, რაც ქუჩაშიც გააგრძელა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, რესტორან „რეტროში“ თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ობიექტის მფლობელი დააკავა.

დღის ამბები