26 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი იმერეთში იმყოფება - ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას დაათვალიერებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმერეთშია. ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას დაათვალიერებს.

პრემიერი სპორტულ ობიექტებთან ერთად იმერეთში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტსაც გაეცნობა. ირაკლი ღარიბაშვილი განახლებულ სტადიონს გახსნის. სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი ლარია.

"თქვენ ნახეთ, რომ სრულად განვაახლეთ 10 ობიექტი და თქვენ ახლა უყურებთ ქუთაისის განახლებულ სტადიონს. ეს შენობა პრაქტიკულად ნულიდან ავაშენეთ, ის ძველი შენობა რაც იყო დავანგრიეთ და ახალი აშენდა, 35 მლნ ლარი დაიხარჯა იმისთვის, რომ ქუთაისს ქონდეს ასეთი, უეფას უმაღლესი სტანდარტის, ანუ მე-4 კატეგორიის შესაბამისი სტადიონი, შესაბამისი საფარით და ა.შ. აღარ გავაგრძელებ, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მოწყობილი," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 
მისივე თქმით, საქართველო ემზადება, რომ ღირსეულად უმასპინძლოს უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს.
 
"ჩვენ ვემზადებით, რომ ვუმასპინძლოთ ღირსეულად 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა, როგორც მასპინძელი ქვეყანა, მიიღებს მონაწილეობას, პირველი თამაში გაიმართება თბილისში, დინამოს სტადიონზე და პირველი თამაში იქნება საქართველოსა და პორტუგალიას შორის. 
ძალიან მიხარია, დღეს დილით ასევე დავათვალიერე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიც, 32 მლნ ლარი დაიხარჯა და იქაც სრულად განახლდა ყველაფერი, თანამედროვედ მოეწყო და ასევე ბათუმში ორი სტადიონი ავაშენეთ, ქობულეთში ერთი, წყალტუბოში და ა.შ. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს სასახელო ფეხბურთელებს, ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, ამ ქალაქს, ქუთაისს, ყველას ვულოცავ ამ მნიშვნელოვან, ახალ სტადიონს,“- განაცხადა პრემიერმა.

მანამდე კი, ქუთაისში პრემიერი ვეტერან ფეხბურთელებს შეხვდა.

 

დღის ამბები