დონეცკის ოლქი, ქალაქი ბახმუტი, ომის 467-ე დღე - მედიის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები წინ მიიწევენ. ფრონტის მთავარ ხაზზე ისევ ინტენსიური საომარი მოქმედებებია. მძიმე ბრძოლებია ავდიივკასა და მარინკაშიც.
კიდევ ერთი წინსვლა უკრაინელ სამხედროებს, გენერალური შტაბის ინფორმაციით, ზაპოროჟიეში აქვთ. უწყებაში ამბობენ, რომ იქ ფრონტის ხაზის ერთ-ერთ მიმართულებაზე 3 კმ-ით წინ წავიდნენ.
უკრაინის ტერიტორიაზე პოზიციების შენარჩუნებას ცდილობს რუსეთის არმია. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საოკუპაციო ძალებმა 23-ჯერ შეუტიეს, თუმცა, გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ყველა შეტევა მოიგერიეს. პარალელურად, რუსეთის არმიის დანაყოფები ბომბავენ ქალაქებს. ხარკოვის ოლქში დაბომბვას ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
სიმშვიდე არც ოკუპირებულ მარიუპოლში იყო, სადაც აფეთქებების ხმა ისმოდა. რუსული მედიის ინფორმაციით, მარიუპოლზე იერიში უკრაინის არმიამ მიიტანა.
რეჟიმის სრულ განადგურებამდე რუსი მოხალისეების ლეგიონმა ბელგოროდის ოლქის კიდევ ერთი დასახლება დაიკავა. "რუსეთის თავისუფლების ლეგიონის" ინფორმაციით, რუსეთის შებეკინოს რაიონში ღამით მოწინააღმდეგის ორი ტანკი და სხვა სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. აიყვანეს ტყვეებიც.
რუსეთში არსებულ დაპირისპირებასა და ბელგოროდის დაბომბვაზე პასუხისმგებლობას კრემლი კიევს აკისრებს, რასაც უკრაინა უარყოფს. პარალელურად, პრეზიდენტი ზელენსკი მსოფლიოს შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს და ნატო-ში დროულად გაწევრიანებას სთხოვს.
სიცოცხლე კი ომს ყოველდღიურად ეწირება, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის თავდასხმებს 485 ბავშვი ემსხვერპლა.