26 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
მთავრობის წლიურ ანგარიშს პრემიერ-მინისტრი კანონმდებლებს 30 ივნისს წარუდგენს - გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს ბიურომ მიიღო

საკანონმდებლო ორგანოს ბიურომ განსაზღვრა, რომ მთავრობის წლიურ ანგარიშს პრემიერ-მინისტრი კანონმდებლებს, 30 ივნისს წარუდგენს. თუმცა კონკრეტული თარიღის დამტკიცებას, სხდომაზე კამათის გარეშე არ ჩაუვლია.

თარიღი უკვე განსაზღვრულია, დოკუმენტი მომზადებული. 164 გვერდიანი ანგარიში მთავრობის საქმიანობას აჯამებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა ასრულებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგს და გლობალური გამოწვევების ფონზე ახორციელებს მშვიდობიან და პრაგმატულ პოლიტიკას.

დოკუმენტში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ქვეყნისთვის ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორიცაა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, დეოკუპაცია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზით. ანგარიშის მიხედვით, საქართველოსთვის ისტორიული ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ქვეყანამ ევროკავშირის გაფართოების რიგებში გადაინაცვლა. ვრცელ მოხსენებაში ყურადღება ეთმობა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკურად განვითარებას და ქვეყნისთვის ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან ურთიერთობების განმტკიცებას. ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პარალელურად, საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით. მთავრობის ანგარიშში კონკრეტულ სტატისტიკაზეა საუბარი და ნათქვამია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს - ფინანსურმა დახმარებამ კი 38 მილიონი ლარი შეადგინა.

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და ზოგადად, დღეს არსებული გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, საქართველომ შეძლო არა მხოლოდ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, არამედ 2022 წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ანგარიშში ასახული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.2% შეადგინა. გასულ წელს, სიღარიბემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. ასევე ისტორიულ დონემდე შემცირდა უმუშევრობის მაჩვენებელი და გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა.

ტურიზმის დინამიკის სწრაფი ტემპებით აღდგენა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში , 3 მილიონი მოქალაქის 7 მილიარდი ლარით დაფინანსება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ კონკრეტული საქმიანობების, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილი ყურადღებას წლიური ანგარიშის წარდგენისას გაამახვილებს.

დღის ამბები