ინციდენტი ბათუმის "რეტროში" - გავრცელდა ფარული ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად დამსაქმებელი დასაქმებულს. ინციდენტი ქუჩაშიც გაგრძელდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
დაზარალებული თემურ მგზავრიძეა, ის რესტორან "რეტროში" რამდენიმე თვე მიმტანად მუშაობდა. ახალგაზრდა მამაკაცი ჰყვება, რომ ჩხუბის დროს, ობიექტის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ მას რამდენჯერმე დაარტყა. მგზავრიძე "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ სამუშაო პირობები გააპროტესტა, მისმა ნათქვამმა კი ხელმძღვანელი გააღიზიანა.
ფარულად გადაღებულ ვიდეო-მასალაში დაპირისპირების მიზეზის კიდევ ერთი ეპიზოდია. ერთ-ერთმა თანამშრომელმა ფარულად გადაიღო პერსონალთან თათბირის კადრები, სადაც ისინი დაბალ ანაზღაურებას და ხელმძღვანელის მხრიდან მათ მიმართ დამოკიდებულებას აპროტესტებენ.
ინციდენტის ამსახველი კადრების გავრცელებისთანავე, მომხდარით პოლიცია დაინტერესდა. "კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თეიმურაზ ვარშანიძე განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს, სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ კი განუმარტეს, რომ ის ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
რესტორნის მფლობელის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს ობიექტზე დასაქმებულების ნაწილიც. "რეტროს" თანამშრომლები ამბობენ, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას თეიმურაზ ვარშანიძე მათ ხშირად აყენებდა და სამსახურიდან განთავისუფლებითაც ემუქრებოდა.
ბრალდებებს უარყოფს თეიმურაზ ვარშანიძე და არც წარდგენილ ბრალს ეთანხმება. დაკავებულის პოზიცია საჯაროდ, მისმა ინტერესების დამცველმა გააჟღერა. ადვოკატი 3 ივნისს მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს და ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაპირისპირებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
რესტორანმა "რეტრომ" მუშაობა დროებითი შეაჩერა. ობიექტზე დილიდან შრომის ინსპექციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მომზადდა დასკვნაც, დაწყებულია მოკვლევა.
რესტორანი "რეტრო" პროტესტის ნიშნად 15-მა თანამშრომელმა უკვე დატოვა.