26 ნოემბერი 2024,   10:55
ვრცლად
"პოლიტიკურად წამგებიანი" და "არაკორექტული" - ასე აფასებენ ახალი მენეჯმენტის შეთავაზებას "ნაციონალური მოძრაობის" მეორე ფლანგში

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადების განმარტება, დღეს ირაკლი ნადირაძეს მოუწია. ლევან ხაბეიშვილმა ერთ-ერთი მედია საშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ხელისუფლების დამარცხების გასაღები მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს და ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მათთან უნდა ითანამშრომლოს. ხაბეიშვილი, იმასაც ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა სხვას არ შეუძლია და საარჩევნოდ ფსონს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორზე დებს. პარტიაში კოლეგებს იმასაც ურჩევენ, რომ სააკაშვილი, კეზერაშვილი, მერაბიშვილის კომპლექსი გადალახონ და "ნაციონალურ მოძრაობასთან" სასაუბროდ დასხდნენ.

"პოლიტიკურად წამგებიანი" და "არაკორექტული" - ასე აფასებენ ახალი მენეჯმენტის შეთავაზებას "ნაციონალური მოძრაობის" მეორე ფლანგში. ნიკა მელიას თანამოაზრეები აცხადებენ, რომ პარტიაში პროცესებს ყოფილი ძალოვნები წარმართავენ და ახალ თავმჯდომარეს დამოუკიდებლობის პრობლემა აქვს.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობის გარეშე, არჩევნებში წარმატების იმედი არ აქვს "სტრატეგია აღმაშენებელს". ეს პოლიტიკური ძალა თანახმაა ხაბეიშვილის შეთავაზება მიიღოს. ბარიერს ვაშაძის გუნდისთვის არც მერაბიშვილ- კეზერაშვილის ფაქტორი წარმოადგენს.

ისინი, ვისაც "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვს, აღარ აპირებს ამ პოლიტიკურ ძალასთან წინასაარჩევნოდ რაიმე კავშირი ჰქონდეს. მათთვის, პირველ რიგში, პრობლემა სწორედ მოქმედი ხელმძღვანელობა და ჩრდილოვანი მმართველობაა.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ გეგმას სკეპტიკურად უყურებენ მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ხაბეიშვილს და მის თანამოაზრეებს ხელისუფლების დამარცხების არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. მით უმეტეს, რომ საზოგადოებისგან ამ პოლიტიკურმა ძალამ უარი უკვე არაერთხელ მიიღო.

2024 წლის არჩევნებამდე ერთ წელზე მეტია დარჩენილი, თუმცა უკვე გამოიკვეთა, რომ პარტიებს ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის ქვეშ გაერთიანებაზე მეტად, ელექტორალური ძალების დამოუკიდებლად მოსინჯვა სურთ.

დღის ამბები