26 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
2,5 მილიონ რუბლზე მეტი "დროას" ლიდერის ოჯახს დაახლოებით 2 კვირის წინ ჩაერიცხა - რატომ არ სურს ელენე ხოშტარიას რუსულ ფულზე საუბარი და რისი მტკიცებულებაა ეს ტრანზაქციები "ოცნებისთვის"

"ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს არ სჯერა, რომ მილიონობით რუსულ რუბლს ელენე ხოშტარიას ოჯახი, სამემკვიდრეო ჰონორარის სახით იღებს. საუბარია რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან განხორციელებულ ტრანზაქციებზე, რომელთაგან ყველაზე მსხვილი, 2,5 მილიონ რუბლზე მეტი დაახლოებით ორი კვირის წინ გადმოირიცხა. სწორედ იმ დროს, როდესაც "დროას" ლიდერი რუსეთთან ავიამიმოსვლას აქტიურად აპროტესტებდა. მამუკა მდინარაძე ათიათასობით დოლარის ეკვივალენტი თანხის ტრანშების მიღმა სხვა ქვეტექსტს ხედავს.

ოკუპანტი ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტიდან მიღებულ ჰონორარში, ოპოზიციის ნაწილი პრობლემას ვერ ხედავს. ელენე ხოშტარიას პოლიტიკური პარტნიორები ამბობენ, რომ ის წინაპრების დანატოვარ ინტელექტუალურ საკუთრებაზე უარს ვერ იტყვის. შესაბამისად, რუსული ფულის აღება მათთვის, ამ შემთხვევაში, მორალურ დილემას არ წარმოადგენს.

განსხვავებულია სხვა ოპოზიციური პარტიების მოსაზრება. ხოშტარია, დღეს "გირჩის" წევრებმა ღიად გააკრიტიკეს და თქვეს, რომ საკითხი დეტალურ განმარტებას საჭიროებს. მათთვის რუსეთიდან ჰონორარის სახით ათი ათასობით დოლარის მიღება დაუჯერებელი არგუმენტია. მკვეთრად ანტირუსული პოზიციონირების გამო, რუსულ გზავნილებზე "დროას" ლიდერის პასუხები საინტერესოა გახარიას თანაგუნდელებისთვისაც.

ჰონორარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებისთვის - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. კანონმდებლებს სამემკვიდრეო ჰონორარის არ სჯერათ და აცხადებენ, რომ ანაზღაურება რუსეთიდან პოლიტიკოსის აქტივობის პირდაპირპროპორციულად ირიცხება. მმართველ პარტიაში, ოპონენტს ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და ევროინტეგრაციის პროცესის მიზანმიმართულ შეფერხების მცდელობაში ადანაშაულებენ.

ელენე ხოშტარიას რუსული დაფინანსების შესახებ განმარტება არც დღეს გაუკეთებია. პარტია "დროას" ლიდერის ოჯახმა, უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღემდე 5 მილიონ რუბლზე მეტი თანხა ანუ 70 ათას დოლარამდე მიიღო.

დღის ამბები