ვაზიანში სამხედრო აეროდრომის ნაცვლად, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგმება. გზა, რომლითაც საქართველოს დედაქალაქი, რეგიონის საავიაციო ჰაბი უნდა გახდეს - ვაზიანზე გადის. ვისაც ფრენა და აეროპორტით სარგებლობა ხშირად უწევს, ამბობს, რომ საერთაშორისო აეროპორტი, უფრო მასშტაბური, მგზავრობაზე მორგებული და კომფორტული უნდა იყოს.
"საქართველო, როგორც რეგიონში საავიაციო ჰაბი" - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობა ახალ პროექტზე მუშაობს. იგეგმება ტრანზიტულ-ლოგისტიკური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აეროპორტის მშენებლობა. ირაკლი ღარიბაშვილმა თემაზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ვაზიანის ყოფილი აეროდრომი განიხილება, რომლის შესასწავლად საქართველოში წამყვანი საკონსულტაციო კომპანიები ჩამოვლენ.
აეროპორტის მშენებლობის კონკრეტულ ვადებზე საუბრობს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ მთავრობის გეგმით სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დაიწყება.
ის, რომ ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიები, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორებია, საუბრობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ახალი, თანამედროვე აეროპორტი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობას უფრო გაზრდის.
პანდემიის შემდეგ პერიოდში, საჰაერო ხომალდების რიცხვის ზრდაზე საუბრობენ ავიაკომპანიების წარმომადგენლები. ამბობენ, რომ მგზავრთა ნაკადების გაზრდის პარალელურად, ტერმინალებისა თუ ასაფრენი ზოლების, მოწესრიგებაა საჭირო.
თანამედროვე ინფრასტრუქტურის გარდა, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, ახალი პროექტების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს პრემიერი. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ისიც თქვა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, დღევანდელ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუმცა ამბიციური პროექტების განხორციელება აუცილებელია.
მთავრობის ეკონომიკური გუნდის ინფორმნაციით ,ახალი აეროპორტის მსენებლობა სავარაუდოდ 2024 წელს დაიწყება და მაქსიმუმ 4 წელიწადში დასრულდება.