26 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
ეს ადამიანები ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ვადაგასული, ურეიტინგო პოლიტიკოსების კრებული -იონათამიშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება. საუბარია ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს.

როგორც რატი იონათამიშვილი ამბობს, "ნაციონალური მოძრაობა" არის შავი ლაქა ქართული პოლიტიკური სივრცის.

"უცხო ქვეყნის მოქალაქის და ყველაზე მასშტაბური დამნაშავის იმედად რომ არის ისევ "ნაციონალური მოძრაობა", ეს არის ამ პარტიის ძალიან დიდი ტრაგედია. მეორე, ის ლიდერები, რაც ამ პარტიას ჰყავს, რომლებსაც არანაირი რეიტინგი და ავტორიტეტი არ გააჩნიათ, კიდევ უფრო მეტად აჩვენებს იმ კრიზისს, რაც კრიზისშიც ეს პარტია იმყოფება. ცხადია, ამ პროცესებისგან ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს, ვინაიდან, "ნაციონალური მოძრაობა" არის შავი ლაქა ქართული პოლიტიკური სივრცის. ეს ადამიანები ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან, ეს არის ვადაგასული, ურეიტინგო პოლიტიკოსების კრებული, შესაბამისად, შედეგი ორივე შემთხვევაში იქნება ერთი, რომ ეს პოლიტიკური პარტია დაამთავრებს მოღვაწეობას ქართულ პოლიტიკაში, რაც ვფიქრობ, რომ ცალსახად პოზიტიური მოვლენა იქნება," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები