26 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
რა წერია სამთავრობო პროგრამის წლიურ ანგარიშში, რომელიც ბიუროს წარედგინება

როგორ შესრულდა სამთავრობო პროგრამა - პარლამენტი წლიური ანგარიშის განხილვას იწყებს. დოკუმენტი დღეს ბიუროს წარედგინება, რის შემდეგაც ის კომიტეტებს, ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს გადაეცემა. სავარაუდოდ, 30 ივნისს კი პროგრამის დეტალებს კანონმდებლებს უკვე პრემიერ-მინისტრი გააცნობს.

ცნობილია, რომ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია მთავრობის ინტენსიურ მუშაობაზე ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად. მთავრობა ანგარიშში დეტალურად მიმოიხილავს ევროკავშირთან ურთიერთობას.

მასში, ასევე, ნათქვამია, რომ ინტენსიური ძალისხმევა მიმართული იყო შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაღრმავებისაკენ.

აქვე აღნიშნულია, რომ გასულ წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდებოდა. ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები 2023 წელსაც გაგრძელდა და წინასწარი შეფასებით, 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.2% შეადგინა.

დეპუტატები მოლოდინებზე საუბრობენ.

"რამდენიმე ინდიკატორი არსებობს, რომლითაც უნდა შეფასდეს მთავრობის მუშაობა და მათ შორის მთავარი თემა მაინც არის სტაბილურობა, ვინაიდან ეკონომიკური ზრდა იქნება თუ სოციალური პროგრამები, რომლებიც უპრეცედენტო ფართო და მრავლისმომცველია, არ იქნებოდა შესაძლებელი არანაირად, რომ არა სტაბილურობის შენარჩუნება. საკმაოდ რთულია ამის გაკეთება ამ ვითარებაში, ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორია, სუბიექტური-ობიექტური მიზეზები და ვფიქრობ, ამ თემებზე სიღრმისეული ანალიზი და ლაპარაკი, კამათია საჭირო," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები