მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლა პოლონეთში - მხოლოდ ვარშავის ქუჩებში, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ადამიანი გამოვიდა. დემონსტრაციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც.
აქცია ოპოზიციური პარტია "სამოქალაქო პლატფორმის" ლიდერის, დონალდ ტუსკის მიერ იყო ორგანიზებული. დემონსტრანტები აცხადებდნენ, რომ მათ თავისუფალი და კანონმორჩილი ქვეყანა სურთ.
აქციაზე გააკრიტიკეს კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ხელი უკვე მოაწერა. ახალი ინიციატივა ქვეყანაში რუსეთის გავლენის გამოსაძიებლად კომისიის შექმნას ითვალისწინებს. კომისიას შეეძლება, აუკრძალოს კონკრეტულ პირებს საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მათი კრემლთან თანამშრომლობა.
პოლონეთის მთავრობა აცხადებს, რომ კანონი მიმართულია ქვეყანაში კრემლის აგენტების წინააღმდეგ, თუმცა კრიტიკოსები შიშობენ, რომ მთავრობამ, შესაძლოა, ოპონენტების ჩამოსაშორებლად საკანონმდებლო ცვლილებები პოლიტიკურ იარაღად გამოიყენოს.
ევროკავშირში არ გამორიცხავენ, რომ კანონის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიმართონ.