ყველაზე მასშტაბური თავდასხმა რუსეთზე - ოკუპანტი ქვეყნის ცაზე რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ უკრაინული წარმოების თვითმკვლელი დრონები გამოჩნდნენ. მოხდა ის, რაც ბევრისთვის წარმოუდგენელიც იყო. მოსკოვში აფეთქებების ხმა გაისმა. რუსეთი აცხადებს, რომ სამშაბათს უკრაინამ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით ამ დრომდე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. პანიკა, შიში და დაბნეულობა- მოულოდნელად გამოჩენილმა დრონებმა რუსებს სიმყუდროვე დაურღვია.
ძლიერი აფეთქებების ხმა სამშაბათს, ღამის 02:00 საათიდან ესმოდათ. დრონების ნამსხვრევები, მოსკოვის ზოგიერთ პრესტიჟულ უბნებში ჩამოვარდა, მათ შორის დასავლეთ მოსკოვის რაიონში, სადაც რუსეთის ელიტას, მათ შორის ვლადიმირ პუტინს აქვს რეზიდენციები.
პირველი თვითმკვლელი დრონი, ნოვაია მასკვას რაიონში - ატლასოვის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კედელს 2 საათსა და 30 წუთზე შეეჯახა. მეორე დრონი რუსეთის დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში პროფკავშირების ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიანი კორპუსის 16-ე სართულზე, ერთ-ერთი სახლში შეფრინდა. შენობიდან სასწრაფოდ გამოიყვანეს პანიკაში ჩავარდნილი მოსახლეობა. მესამე უპილოტო საფრენი აპარატი კი მოსკოვის სამხრეთ ნაწილში, ლენინის გამზირზე მდებარე 30-სართულიან სახლს შეეჯახა. მოსკოვის ხელისუფლებამ ამ შემთხვევაშიც, შენობიდან მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია გამოაცხადა.
რუსეთში ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამი დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით მოიგერიეს, რის შედეგად, მათ კონტროლი დაკარგეს და სამიზნეებს გადაუხვიეს, ხუთი დრონი კი ფენსირ ეს 1 -ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის საშუალებით ჩამოაგდეს. მოსკოვზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმიდან მალევე, რუსეთის ხელისუფლებაში გაკეთდა განცხადებები, რომ ეს იყო უკრაინის მიზანმიმართული თავდასხმა რუსეთზე! ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრილი დრონების შეფასება კი ექსპერტებმა დაიწყეს. ერთ-ერთი ვერსიით მოსკოვის ცაზე მფრინავი დრონები უკრაინულია. სამხედრო ექსპერტების შეფასებით ეს იყო UJ 22.
რა შესაძლებლობები აქვს უკრაინული კომპანიის წარმოებულ დრონს? ეს არის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც მრავალფუნქციურია. მას ნებისმიერ ამინდში და დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია ფრენა. დრონს ქვედა ნაწილში უმაგრდება ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც შეიძლება დისტანციურად იმართოს - ან ობიექტზე შეჯახების შემთხვევაში აფეთქდეს. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი დაფრინავს მაქსიმუმ 800 კილომეტრის მანძილზე. ფრენის მაქსიმალური დრო კი 7 საათია. უკრაინული დრონი გამოირჩევა კიდევ ერთი შესაძლებლობით. ის რთულად ჩანს რადარზე.
მოსკოვამდე კი, იყო სხვა ოლქები, სადაც თავდასხმა განხორციელდა. მხოლოდ ამ კვირაში მოსკოვის დასავლეთით უკრაინის საზღვართან რამდენიმე რეგიონში იყო პანიკა. საწვავის და ენერგეტიკულ ობიექტებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა სმოლენსკის ოლქში. არსებული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით დაიბომბა ბრიანსკის ოლქი. გუბერნატორი თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებს. გახშირებული თავდასხმების გამო, ათასობით ადამიანი თავშესაფარში გადაიყვანეს ბელგოროდის ოლქში.
კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვა და სამხედროები კარგად მუშაობენ, ამიტომ მოსკოველებს საფრთხე არ ემუქრებათ. თუმცა მდიდარი რუსები აღშფოთებას ვერ მალავენ თავიანთ მდიდრულ უბანში უკრაინული დრონების ხილვის გამო. რა ხდება რეალურად და რატომ გახშირდა რუსეთში უკრაინული დრონების გამოჩენა? კიევმა უარყო, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში კრემლზე დრონით თავდასხმის უკან ის იდგა, თუმცა შეერთებული შტატების დაზვერვა თვლის, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი უკრაინა იყო. სამხედრო ექსპერტები და დასავლეთის ქვეყნების დაზვერვა მიიჩნევს, რომ სწორედ უკრაინელების ტაქტიკის ნაწილია რუსეთზე თავდასხმა.
სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ უკრაინელები ცდილობენ რუსების ყურადღება მათსავე ტერიტორიაზე გადაიტანონ. მათი შეფასებით, რუსებს უკვე არჩევანი ექნებათ გასაკეთებელი, საკუთარი ტერიტორიები დაიცვან თუ ოკუპირებული. სპეციალისტები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ეს იყოს მასშტაბური კონტრშეტევის დაწყების მოსამზადებელი პერიოდი.