26 ნოემბერი 2024,   10:58
ვრცლად
მაღრაანული ქისი - სოფლის სავიზიტო ბარათი

რაც თავი ახსოვს სულ ლექსებს წერს- რაჟდენ მექვევრიშვილი წერს ყველაფერზე, თუმცა ინსპირაციის მთავარი წყარო სოფელი მაღრაანია თავისი ტყით, ვენახებით, ხალხით, ლეგენდებით.

მისთვის ეს ვენახები ყველაზე ძვირფასია. ნამდვილი მაღრანული ქისი, სოფლის სავიზიტო ბარათია და ალბათ არ არსებობს აქ ოჯახი, რომელსაც ქისის პატარა ვენახი მაინც არ აქვს გაშენებული.

მაღრაანი ქისი მიკროზონად 4 წლის წინ, ოფიციალურად დარეგისტრირდა. ამის პირველი ინიციატორი აჩიკო მექვევრიშვილი იყო და მას გვერდში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, საქპატენტი და ღვინის ეროვნული სააგენტო დაუდგნენ.

რა თქმა უნდა, მაღრაანსაც, როგორც ყველა სოფელს, აქვს თავისი პატარა ტრადიციები. ერთ-ერთი ასეთია, რიტუალური პურის ცხობა. ჩვეულებრივ პურთან ერთად, თონეში აკრავენ ხელის მტევნის ფორმის პურსაც.

სოფელ მაღრაანს ესაზღვრება ულამაზესი ტყე. აქ ადრე სოფელი ზემო მაღრაანი იყო. საუკუნეების წინ ტერიტორია ვენახებით იყო დაფარული, თუმცა 18-ე საუკუნის დასაწყისში მოსახლეობამ ქვევით გადაინაცვლა და წლების განმავლობაშიც სოფელი ტყით დაიფარა.

აქ სეირნობისას უამრავ ძველ არტეფაქტს გადააწყდებით. შუა ტყეში ბევრ ადგილას ნახავთ საუკუნეების წინანდელ ქვის საწნახლებს. სადაც საწნახელია, იქვეა ქვევრებიც. სოფელს ჰქონდა სასაფლაოც. წვიმის შემდეგ მიწა ირეცხება და შესაძლოა რომელიმე სამარხში დაკრძალული ადამიანის ძვლებიც გამოჩნდეს. მთავარი სანახაობა კი ხოკერაანთ ნასახლარია.

ვარაუდობენ, რომ ეს ერთ-ერთი პირველი დიდი სახლი იყო რომელიც აქ აშენდა. ზუსტი მონაცემები აქაურობაზე არ არსებობს. არქეოლოგიურადაც ეს ტერიტორია გამოუკვლეველია.

ეს მაღრაანის ღვთაების ეკლესიაა. გუმბათი მთლიანად ხავსითაა დაფარული და ზაფხულის სიმწვანეში შორიდან არ ჩანს. ტაძრის ეზოშია ქვით ნაშენები კელიაც. თუ ღამურები არ გიყვართ, მაშინ აქ არ უნდა შეხვიდეთ.
ღამურების კადრი მაღრაანის ტყეს დაჰყურებს მთაზე აგებული ციხე-სიმაგრე რომელიც 11-12-ე საუკუნეებში აშენდა და სწორედ აქ იღებდა სტუმრებს ერეკლე მეორე.

რთულია მოკლე დროში აჩვენო ამ სოფლის მთელი სილამაზე. ასე რომ ეწვიეთ მაღრაანს და ყველაფერი თქვენივე თვალით ნახეთ.

 

ავტორი: გიორგი ქორქია 

დღის ამბები