26 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
ქართული პოლიცია 105 წლისაა - საკუთარი სიცოცხლის ფასად, 24 საათიან რეჟიმში საქართველოს მოქალაქეების დასაცავად

ფორმა რომელიც ადამიანურ ემოციებსა და პროფესიას შორის ზღვარს ავლებს. ერთი ნაბიჯით ყველაფერი იცვლება, ყველაფერი პირადი გარეთ რჩება, მთავარი პრიორიტეტი კი სხვების სიმშვიდის და უსაფრთხოების დაცვა ხდება.

დავით მამულაშვილი და უჩა წითლანაძე წლებია პოლიციელის ფორმას ატარებენ, კრიმინალთან და დანაშაულთან ბრძოლა, მართლწესრიგის დაცვა, საგზაო უსაფრთხოება - მისია უცველია თუმცა ყოველდღიურობა განსხვავებული.

ქვეყნის დაცვა რომ საზღვრიდან იწყება, აქ ყველაზე კარგად იციან. სასაზღვრო პოლიცია ქვეყნიდან გამსვლელებს და შემომსვლელებს ამოწმებს.

საქართველოში შემოსვლის და ქვეყნიდან გასვლის დროს მთავარია, დოკუმენტაცია იყოს წესრიგში, რომელსაც მესაზღვრეები დეტალურად ამოწმებენ. აქვე, ვლინდება კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებიც, რომლებსაც საზღვრის კვეთის უფლება არ ეძლევათ.

მაშინ, როცა საქართველოს საზღვარს კვეთ, არ აქვს მნიშვნელობა ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ თუ პირადი მიზნებისთვის ჩამოსული სტუმარი. ყველას უსაფრთხოებას საქართველოს პოლიცია იცავს. სპეციალურად შეიქმნა ტურისტული პატრულიც, რომელიც არა მხოლოდ ვიზიტორების უსაფრთხოებაზე, არამედ მათ ინფორმირებაზეც ზრუნავს.

მშვიდი და უსაფრთხო მოგზაურობის გარანტიას სწორედ ეს ადამიანები ქმნიან - ფეხით მოსიარულე პატრულები, რომლებსაც ტურისტულ ზონაში მუდმივად შეხვდებით.

ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. კანონივე იცავს კიდევ ერთ მთავარ უფლებას - უსაფრთხოებას, რომლის გარანტი პოლიციელები არიან, ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურობაში შეიძლება ვერც ვამჩნევდეთ, თუმცა 24 საათის განმავლობაში ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად, სწორედ ჩვენს უფლებებს იცავენ.

 

 ავტორი: სანდრო კაჭახიძე 

დღის ამბები