26 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
"მშვიდობა სახლში და მსოფლიოში" - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის მართვის 5-წლიანი მანდატი კიდევ ერთხელ მიიღო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდა, როგორც ძლევამოსილი ლიდერი, რომელიც ქვეყანას 20 წელი უკვე მართავდა, ამჯერად კი ყველაზე რთული, 2- ტურიანი საარჩევნო მარათონის შემდეგ, პოზიციები გაიმყარა და მიიღო მანდატი, რომ ქვეყანა კიდევ 5 წლით მართოს. სადღესასწაულო დარბაზში მან მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩასული ლიდერების თვალწინ წარმოთქვა სიტყვა, რომელიც პირველ რიგში, თურქეთის მოქალაქეებს ეძღვნებოდა. დადო ფიცი და პირობა, რომ XXI საუკუნე თურქეთის საუკუნე იქნება.

"მშვიდობა სახლში და მსოფლიოში" - სწორედ ამ გზავნილს უსვამდა ხაზს ინაუგურაციაზე მიწვეული სტუმრების მრავალფეროვნება. ერდოღანმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ თურქეთის მიზანი რეგიონის ლიდერი, მძლავრი სახელმწიფოს განმტკიცებაა, რომელმაც რთული პოლიტიკური პროცესების და ომის ფონზე, წესრიგი უნდა უზრუნველყოს. მეზობელი სახელმწიფოების მიმართ დამოკიდებულების თვალსაჩინო მაგალითი ინაუგურაციაზე სომხეთის ლიდერის გამოჩენა იყო, ქვეყნის რომლის პირველი პირი მსგავს მოვლენას ბოლო 15 წელია არ დასწრებია. აღმშენებლობის გზის გაგრძელების პირობა, მესამე ვადით არჩეულმა ერდოღანმა, პარლამენტის წინაშეც დადო, სადაც მისმა პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა. ამავე შინაარსის დაპირებები ჰქონდა თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის ფუძემდებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მემორიალთან მისვლის დროსაც.

ერდოღანის თურქული საუკუნის ხედვა, ეკონომიკის გაძლიერებას, ტერორიზმთან შეურიგებელ ბრძოლას, სამშვიდობო პროცესებში ძლიერი მედიატორის როლის თამაშს და ახალი ენერგო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ეყრდნობა. ყველა ჩამოთვლილი მიმართულებით თურქეთის პარტნიორი და მოკავშირეა საქართველო. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ინაუგურაციაზე მიწვეულმა ქართულმა დელეგაციამ, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტ ერდოღანს მესამე ვადით არჩევა პირადად მიულოცა და არაერთ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

თურქეთი რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული პარტნიორია, ამას ბოლო ათწლეულების განმავლობაში გაკეთებული საქმეები ნათლად აჩვენებს. მათ შორის, სწორედ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის პერიოდში გადადგმული ნაბიჯები. თურქეთმა, ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, რის შემდეგაც აქტიურ დახმარებას გვიწევს სამხედრო, ინფრასტრუქტურული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. 2005 წელს გაიხსნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. 2006 წელს ბაქო-თბილისი-ერზრუმის იგივე შაჰ-დე-ნიზის გაზსადენი. გრძელდება თანამშრომლობა ბუნებრივი აირის სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების "ტანაპის და ტაპის" სრულფასოვნად რეალიზაციისთვის.


2017 წელს გაიხსნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელიც ერთმანეთთან პირდაპირ აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს. რკინიგზის გარდა სწორედ თურქეთი დაეხმარა საქართველოს საავიაციო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებაში. საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან ერთად, თურქეთი,როგორც წონიანი ნატოელი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას ლობირებს. თურქეთი მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და არაღიარების პოლიტიკას. თურქეთთან 2006 წლიდან მოქმედებს უვიზო რეჟიმი, ხოლო 2007 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ორმა ქვეყანამ არაერთხელ აჩვენა მეგობრობის და ურთიერთდახმარების მაგალითი სტიქიური უბედურებების დროს. საქართველოში ტყის ხანძრების ქრობის პროცესში ყველა ჯერზე ჩართული იყო თურქული ავიაცია. მიმდინარე წლის თებერვალში თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის დროს კი რამდენიმე ასეული ქართველი მაშველი დახმარებას უწევდა თურქ ხალხს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა დღეიდან უკვე განახლებულ პოლიტიკურ რეალობაში გაგრძელდება, სადაც რთული გამოწვევების გადალახვის და მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი განახლებული მანდატით კვლავ რეჯეფ თაიფ ერდოღანია.

დღის ამბები