ნატო ემუქრება არა რუსეთის უსაფრთხოებას, არამედ რუსულ იმპერიალიზმს - ამის შესახებ განცხადება ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა გააკეთა.
მისივე თქმით, ნატო თავდაცვითი ალიანსია და ის სხვა ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. როგორც ესტონეთის პრემიერი ამბობს, ნატო და ევროკავშირი მცირე ქვეყნების უსაფრთხოებისთვის კარგი საყრდენია.
"რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, თუ რატომ ითხოვეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლების შემდეგ, სწრაფადვე ნატოში გაწევრიანება.
ალიანსი არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, ის წევრებს მისგან იცავს. ის არსებობს იმისთვის, რომ ათობით მილიონი ადამიანი არ იყოს დამონებული და დახოცილი რუსეთის მიერ. ნატო საფრთხეს უქმნის რუსეთის კოლონიალიზმს და არა რუსეთის უსაფრთხოებას.
ნატოსა და ევროკავშირის წევრები რომ არ ვიყოთ, ახლა მართლაც ბნელ დროს ვიცხოვრებდით. ასე რომ, მულტილატერალიზმი და ძლიერი ალიანსები არის კიდევ ერთი თავდაცვითი საყრდენი, განსაკუთრებით მცირე სახელმწიფოებისთვის,"-განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.