26 ნოემბერი 2024,   10:58
ვრცლად
კორუფციული სკანდალი, 14 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება და ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილი საავტორო უფლებათა ასოციაცია - რა დეტალები გაარკვია "კურიერმა" აუდიტის სკანდალური დასკვნის შესახებ

გიგა კობალაძე, რომელიც მეორე დღეა არც საავტორო უფლებათა ასოციაციაში გამოჩენილა და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს, "კურიერის" ინფორმაციით, GCA-ში თავმჯდომარის პოსტს უკვე აღარ იკავებს.

"რუსთავი 2-მა" ექსკლუზიურად გაარკვია, რომ საავტორო უფლებათა ასოციაციაში, დაახლოებით თვენახევრის წინ, საერთო კრება ჩატარდა, რომელმაც ხელმძღვანელად კვლავ გიგა კობალაძე აირჩია, თუმცა, სხდომის ეს ოქმი იუსტიციის სამინისტრომ დაახარვეზა. უწყებამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, საავტორო უფლებათა ასოციაციას გონივრული ვადა მისცა. შესაბამისად, გიგა კობალაძე ასოციაციის თავმჯდომარედ აღარ მიიჩნევა. დოკუმენტები საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე უკვე ატვირთულია.

საჯარო რეესტრის აღნიშნული დოკუმენტის გარდა, გასაჯაროვდა საავტორო უფლებათა ასოციაციის დაკვეთით, ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩატარებული შიდა აუდიტის დასკვნაც. 19-გვერდიან დოკუმენტში 2019-2022 წლის GCA-ის ფინანსური საკითხებია მიმოხილული, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიის დავალიანებამ 2022 წლისთვის 14 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ასოციაციამ 2020 წელს, ხელმძღვანელ კობალაძეს საკუთარი ბიუჯეტიდან 30 000 ლარი ასესხა. ფაქტების გადამოწმება დღეს საავტორო უფლებათა ასოციაციაში ვცადეთ, თუმცა, ოფისში არავინ დაგვხვდა.

გიგა კობალაძემ ასოციაციაში შიდა აუდიტის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ GCA-ის ფინანსურ საკითხებზე საქპატენტი აუდიტორულ დასკვნას ამზადებდა. საქპატენტის არაერთი მიმართვის მიუხედავად, საავტორო უფლებათა ასოციაციამ უწყებას შიდა დასკვნა არ გაუგზავნა.

საავტორო უფლებათა ასოციაციისა და მისი ხელმძღვანელის მიმართ კრიტიკა მრავალი წელია ისმის. კულტურის სფეროს წარმომადგენლები გიგა კობალაძეს მათი კუთვნილი ჰონორარების მითვისებაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ საეჭვოა, რა პრინციპით ანაწილებდა კობალაძე თანხებს.

აუდიტის დასკვნების შემდეგ, თანამდებობა გიგა კობალაძის მოადგილემ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ მირიან კულულაშვილი წასვლის მიზეზებზე მედიასთან არ საუბრობს, სავარაუდოა, რომ მისი გადაწყვეტილების მოტივი სწორედ ასოციაციაში არსებული ფინანსური დარღვევები გახდა. ჯერჯერობით უცნობია, დაინტერესდება თუ არა საგამოძიებო უწყება კობალაძის საქმიანობით.

 

დღის ამბები