ამერიკის შეერთებულ შტატებს დეფოლტი აღარ ემუქრება. ქვეყნის პრეზიდენტი კონგრესის მიერ ამ კვირაში მიღებულ კანონპროექტს ხელს მოაწერს, რომელიც შტატების ვალის ზედა ზღვარს გააუქმებს და ხარჯებს შეზღუდავს.
საკითხზე ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან, თავის პირველ მიმართვაში ისაუბრა.
მოლაპარაკებების შემდეგ, სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც 2025 წლის პირველ იანვრამდე, სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის გაუქმებას ითვალისწინებს.
კანონპროექტი ქვეყანას თავიდან დეფოლტს ააცილებს. ბაიდენმა მიმართვაში ასევე ხაზი გაუსვა კომპრომისსა და კონსენსუსს, როგორც ერთადერთ საშუალებას, რომლითაც ამერიკულ დემოკრატიას ფუნქციონირება შეუძლია.
"ამერიკული დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის ერთადერთი გზა კომპრომისი და კონსენსუსია. ვრცელდებოდა ხმები, რომ ჩვენ ვერ შევძლებდით დეფოლტის თვიდან აცილებას, რაც დიდი უპასუხისმგებლობა იქნებოდა. ორპარტიული შეთანხმება ჩვენი ეკონომიკისთვის და ამერიკელი ხალხისთვის დიდი გამარჯვებაა. მინდა შევაქო სპიკერი მაკკარტი. ჩვენ შევძელით შეთანხმება და საქმის გაკეთება. ორივე მხარემ კეთილსინდისიერად იმუშავა და სიტყვა შეასრულა. მინდა მადლობა გადავუხადო კონგრესის წევრებს, რომლებმაც ხმა მისცეს შეთანხმებას, რომელსაც ხვალ ხელს მოვაწერ და კანონად იქცევა,"- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი.