26 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე: მათი არჩეული სტრატეგიაა, რეკომენდაციების შესრულებას, ევროინტეგრაციას ხელი შეეშალოს იმისთვის, რომ ეს დაბრალდეს ხელისუფლებას და გამოიყენონ პოლიტიკურ ბატალიებში

"საბედნიეროდ პაატა მანჯგალაძის ქცევის ავკარგიანობაზე არ არის დამოკიდებული საქართველოს პროგრესი. ეს ძალიან კარგი ამბავია, იმიტომ, რომ რეალურად ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ოპოზიცია ავლენს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმას, რომ მათი არჩეული სტრატეგიაა ის, რომ რეკომენდაციების შესრულებას, ევროინტეგრაციას ხელი შეეშალოს იმისთვის, რომ ეს დაბრალდეს ხელისუფლებას და ეს გამოიყენონ პოლიტიკურ ბატალიებში. ეს არის მათი ამოცანა და დღის წესრიგი," - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის მონაწილეობაზე და მათ პასუხისმგებლობაზე საუბრისას განაცხადა.

"თუკი დღეს არჩეული გვყავს 3 არამოსამართლე წევრი ევროკომისიისა, ეს სწორედ იმის გამოა, რომ ხუთივეზე შეთანხმება ვერ შევძელით. მხოლოდ იმან განაპირობა ეს გარემოება, რომ ოპოზიციას ასეთი არასწორი, მანკიერი სტრატეგია აქვს არჩეული. სამწუხაროა, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელიც გვაქვს," - აღნიშნა სარჯველაძემ.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, დეპოლარიზაციის მიმართულებით ყველაზე სწორი გამოსავალი, რაც მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების შექმნა იყო.

მისივე თქმით, როდესაც ამ შეთავაზებაზე უარს იღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ დეპოლარიზაციის მიმართულებით ოპოზიციას ხელის შეშლის სურვილი აქვს.

"დეპოლარიზაციის მიმართულებით, ყველაზე სწორი გამოსავალი იყო ის, რაც ჩვენ შევთავაზეთ პირველივე დღეებში, როდესაც მივიღეთ ევროპული რეკომენდაციები. გამოვედით ინიციატივით, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი იყო, რომელმაც თქვა, რომ თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით ვქმნით სამუშაო ჯგუფებს. სამუშაო ჯგუფის მთელი ფუნქცია ის კი არ იყო, რომ მე განსხვავებულად ვიმუშავებდი, არა, მთავარი ფუნქცია იმაში მდგომარეობდა, რომ ერთობლივად მუშაობა წარმართულიყო. ამ შეთავაზებაზე, რომელიც იყო ჩვენი კეთილგანწყობის დემონსტრირება, მათ შორის, ოპოზიციასთან ერთად მუშაობის თვალსაზრისით, როდესაც იღებ ცივ უარს, ეს იმას ნიშნავს, რომ დეპოლარიზაციის მიმართულებით ოპოზიციას სურვილი აქვს, რომ ხელი შეგიშალოს.

აბსოლუტურად გაშიშვლდა პრობლემა რაში მდგომარეობდა და დაინახა ყველამ, რომ რეალურად ისინი დესტრუქციულად იყვნენ განწყობილები. ამისგან თავდაცვის მიზნით გააკეთეს მუშაობის სიმულაცია, როდესაც მოითხოვეს რიგგარეშე სხდომის ჩატარება. სხდომისა, რომელზედაც განსახილველი საკითხი არ არსებობდა. საზოგადოებაც ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის დასტური იმისა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ოპონენტები გამოიყენებენ ესეთ არგუმენტს, როგორიც არის ხელის შეშლა ქვეყნისთვის, რომ შემდგომ წარმატებას მიაღწიოს ევროინტეგრაციის მიმართულებით," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები