26 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
დღეს საქართველოს აქვს კონკრეტული, მნიშვნელოვანი და ხელშესახები პროგრესი, თუ სწორი გადაწყვეტილების მიღებას რაიმე არასწორი ფაქტორი ხელს არ შეუშლის, საქართველოს, რა თქმა უნდა ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი - მიხეილ სარჯველაძე

"შარშან ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გამოქვეყნდა ევროკომისიის და ევროპული სტრუქტურების შეფასებები, რომლითაც დასტურდებოდა ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველოს აქვს გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები მოლდოვასთან და უკრაინასთან შედარებით და შესაბამისად თუკი რომელიმე მათგანი იმსახურებდა, დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კანდიდატის სტატუსს- ეს იყო საქართველო," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ სულ რამდენიმე საკითხია დარჩენილი რაც ფორმალურადაა ბოლომდე მისაყვანი.

მისივე თქმით, საქართველოს თორმეტივე მიმართულებით აქვს პროგრესი, შესაბამისად, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რადგან მრავალი რეფორმა განხორციელდა ამ ხნის განმავლობაში.

"პირველი უნდა ვთქვათ, რომ როგორც იტყვიან ფინიშის სწორზე გახლავართ იმიტომ, რომ სულ რამდენიმე საკითხია, რომელიც უბრალოდ ფორმალურად ბოლომდეა მისაყვანი. ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო დროის ამ მონაკვეთში, რაც ჩვენ ვიმუშავეთ ამ თემასთან დაკავშირებით ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, რეალურად შესრულებულია და შესაბამისად გვაქვს სერიოზული პროგრესი ამ მიმართულებით.

საქართველოს თორმეტივე მიმართულებით აქვს კონკრეტული გადადგმული ნაბიჯები პროგრესისკენ. შესაბამისად, ვფიქრობ რომ საქართველო რა თქმა უნდა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და მათ შორის, ეს იმის გამო, რომ ამ ხნის განმავლობაში ძალიან სერიოზული რეფორმები განხორციელდა თითოეული მიმართულებით," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, ყველა მიმართულებით კონკრეტული შეთავაზებები გაკეთდა, კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და დღეს საქართველოს აქვს ყველა ხაზგასმულ და ნაჩვენებ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი და ხელშესახები პროგრესი.

"ოპონენტებს პრაქტიკულად მცირე დეტალებთან დაკავშირებით, მეორეხარისხოვან საკითხებთან დაკავშირებით აქვთ გარკვეული დისკუსიები, მსჯელობები, როგორც ეს იყო სასამართლოსთან დაკავშირებით. სასამართლოსთან დაკავშირებით ყველა პუნქტი, რომელთან მიმართებაშიდაც იყო ხაზგასმა გაკეთებული და მითითება, რომ საჭიროებდა დახვეწას იმ ფონზე, როდესაც ევროკომისიის სწორედ ამ რეკომენდაციებში მითითებული იყო, რომ საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო დღეს გამართულია და უზრუნველყოფს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას - ასე ფასდება ევროკომისიის მხრიდან, სჭირდებოდა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა კონკრეტული საკითხების მიმართულებით, იქნებოდა ეს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა თუ პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხის განსაზღვრა სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისას.

ყველა ამ მიმართულებით კონკრეტული შეთავაზებები გაკეთდა, კონკრეტული პროექტები დაიდო, კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და დღეს საქართველოს აქვს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა ხაზგასმულ და ყველა ნაჩვენებ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული, მნიშვნელოვანი და ხელშესახები პროგრესი. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ თუკი სწორი გადაწყვეტილების მიღებას რაიმე არასწორი ფაქტორი ხელს არ შეუშლის საქართველოს რა თქმა უნდა კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის. ახლა, თავიდან ბოლომდე ეს გადაწყვეტილება ეკუთვნის ევროპას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპაში, პირველი, მიღწევებს სწორად ხედავენ და მეორეს მხრივ, გადაწყვეტილებებიც მათი მხრიდან მიღებული იქნება საქართველოს და ევროპის ინტერესების გათვალისწინებთ," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები