1 დაღუპული და 2 დაშავებული, მათ შორის 11 წლის ბავშვი - რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა გვიან ღამით უკრაინის დედაქალაქზე მორიგი მასშტაბური იერიში მიიტანა. ფრთოსანი რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები კიევის ცაზე საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.
ამის მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტი დედაქალაქის მერს უპირისპირდება. ვოლოდიმირ ზელენსკის აინტერესებს, რატომ იყო მიუწვდომელი თავშესაფრები კიევის მოსახლეობისთვის აგრესორის სარაკეტო იერიშის დროს. საუბარია გუშინ, დესნიანსკის რაიონის დაბომბვაზე. როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას სარდაფის კარი ჩაკეტილი დახვდა. აფეთქების შედეგად ადგილზე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
თავდასხმა მოხდა ხერსონის ოლქის დასახლებულ პუნქტებზეც. დაშავდა 15 ადამიანი. იერიშები იყო სუმის მიმართულებითაც, ოლქი 6-ჯერ დაბომბეს. მსხვერპლი მოყვა იერიშს ზაპოროჟიეში.
მსხვერპლია შებეკინოში, ბელგოროდის ოლქშიც. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატების აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. აფეთქებების ხმა ისმოდა კურსკის სტრატეგიულ ობიექტებზეც. მომხდარზე პასუხისმგებლობას პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ გაერთიანებული პარტიზანული დაჯგუფებები იღებენ. თუმცა, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას კატეგორიულად უარყოფენ.
მძიმე ბრძოლები გრძელდება ბახმუტში. ქალაქი რომლის აღებაზეც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საუბრობდა, თუმცა მოგვიანებით გავრცელებული ცნობები უარყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ საოკუპაციო ძალის წინსვლა შეჩერებულია და აგრესორი ამ ეტაპზე შეტევების მოგერიებას ცდილობს. ბახმუტში ოფიციალური წყაროების ინფორმაციის თანახმად 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება.