თურქეთი პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადება. 20 წლიანი მმართველობის შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის სათავეში კიდევ 5 წელი დარჩება. 69 წლის პოლიტიკოსს, ახალ პოლიტიკურ ერაში ბევრი კრიზისის დაძლევა მოუწევს. ადგილობრივები "კურიერთან" ამბობენ, რომ პრეზიდენტი ერდოღანი შეძლებს, მომდევნო წლებში ინფლაციას, ეკონომიკურ პრობლემებსა და ლტოლვილების ნაკადს გაუმკლავდეს.
ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. ერდოღანი ფიცს თურქეთის პარლამენტში ხვალ დადებს. მოგვიანებით ათათურქის მავზოლეუმს ესტუმრება, საიდანაც ბეშტეპეში გადაინაცვლებს და იქ უკვე ადგილობრივებისგან მილოცვებს კიდევ ერთხელ მიიღებს. საღამოს პრეზიდენტი ერდოღანი ჩანკაიას რეზიდენციაში მსოფლიო ლიდერებთან ერთად ვახშამს დაესწრება. ხვალვე გახდება ცნობილი ვის დაასახელებს ახლად არჩეული პრეზიდენტი მთავრობის კაბინეტის წევრებად.
რიგით მე-12 პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მსოფლიოს 30-მდე ქვეყნიდან პრემიერ-მინისტრებს, ვიცე-პრეზიდენტებს, პარლამენტის სპიკერებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ელოდებიან. ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც დელეგაციასთან ერთად ანკარში ხვალ ჩავა. სტუმრებს შორის იქნება ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ცერემონიაზე მიიწვიეს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებიც.
ქვეყნის ისტორიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, პირველად გასულ კვირას გაიმართა. პრეზიდენტმა ერდოღანმა მეტოქე ხმათა რაოდენობის თითქმის 2 მილიონ ნახევრიანი სხვაობით დაამარცხა და ამომრჩეველთა 52 პროცენტის გულის მოგება შეძლო.