26 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
საავტორო უფლებათა ასოციაციაში დაპირისპირება გრძელდება - უკავშირდება თუ არა აუდიტის სკანდალურ დასკვნას გიგა კობალაძის მოადგილის გადადგომა

საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მირიან კულულაშვილმა გადაწყვეტილება "საქპატენტის" მიერ მომზადებული აუდიტის დასკვნის შემდეგ მიიღო, რომელშიც ფინანსურ დარღვევებზე იყო საუბარი. მედიასთან დღეს თავად არ გამოჩენილა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში კი თქვა, რომ აუდიტის დასკვნაში დაფიქსირებულ ფინანსურ დარღვევებთან შეხება არ ჰქონია.

"საავტორო უფლებათა ასოციაციაში" ამტკიცებენ, რომ გიგა კობალაძის მოადგილის წასვლის ზუსტი მიზეზები არ იციან, თუმცა, ვარაუდობენ, რომ მირიან კულულაშვილის გადაწყვეტილება საქპატენტის დასკვნასთან კავშირში არ არის. დღეს კობალაძე არც ოფისში გამოჩენილა და არც სატელეფონო ზარებზე გვიპასუხა.

მირიან კულულაშვილის გადაწყვეტილებასა და აუდიტის დასკვნას შორის პირდაპირ კავშირს ხედავს "ბრავო რეკორდსის" დამფუძნებელი. ზაზა შენგელია მიიჩნევს, რომ გიგა კობალიძის მოადგილე თანამდებობის დატოვებით, ასოციაციის გარშემო ბოლოს განვითარებული მოვლენებს გაემიჯნა და ამ ფორმით ორგანიზაციაში არსებული ფინანსური დარღვევების მიმართ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

საავტორო უფლებათა ასოციაციისა და მისი ხელმძღვანელის მიმართ კრიტიკა უკვე მრავალი წელია ისმის. კულტურის სფეროს წარმომადგენლები "ჯი-სი-ეის", რომელსაც წესით ავტორების ინტერესები უნდა დაეცვა, ხელოვანები სწორედ მათი უფლებების იგნორირებასა და დარღვევაში ადანაშაულებდნენ. მათთვის გაუგებარი იყო, რა პრინციპით ანაწილებდა გიგა კობალაძე ჰონორარებს. კულტურის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასოციაციიაში ადგილი ჰქონდა ფინანსების მიტაცებას, მათი ეჭვები კი, როგორც ამბობენ, საქპატენტის დასკვნამ დაადასტურა. აუდიტმა თქვა, რომ ავტორთა კუთვნილი ჰონორარების შეგროვებით მიღებული თანხიდან დიდი ნაწილი, "ჯი-სი-ეიმ" არაჯეროვნად და შეუსაბამოდ დახარჯა.

"საქპატენტის" აუდიტის დასკვნა, საკანონმდებლო ორგანოში, კულტურის კომიტეტზე გასაჯაროვდა. საკითხის განხილვას სხდომაზე ხმაურიც მოჰყვა. აუდიტი ამბობდა, რომ გიგა კობალაძემ არაჯეროვნად 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 4 მილიონი ლარი დახარჯა.

დღის ამბები