დრონებით თავდასხმის კიდევ ერთი ტალღა კიევზე. დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. უკრაინულმა მხარემ ოკუპანტების 30-ზე მეტი "შაჰიდის" დრონი გაანეიტრალა.
რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, სუმის ოლქის 5 დასახლება დაბომბეს, დაფიქსირდა ასამდე აფეთქება, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინას ნატო-ს ევროპელი წევრებისგან განსხვავებული უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით კი, რამდენიმე ქვეყნის პირველმა პირებმა დადეს პირობა, რომ უკრაინას დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდიან. ამის შესახებ მატეუშ მორავეცკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დროს განაცხადა.
მოლდოვის სამიტზე, უკრაინის პრეზიდენტი "თვითმფრინავების კოალიციის" ლიდერებს შეხვდა. არაფორმალურ შეხვედრაზე, მხარეები შეთანხმდნენ, უკრაინელი მფრინავების F-16 საბრძოლო თვითმფრინავებისთვის მომზადების დაწყებაზე და განიხილეს თვითმფრინავების სამომავლო მიწოდების საკითხიც.