4 წლიანი ლოდინის შემდეგ თბილისში, მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის დამაკავშირებელი გზა გაიხსნა. პროექტის დათქმულ ვადებში განხორციელება, რთულმა რელიეფმა და რთულმა მეწყრულმა პროცესებმა შეაფერხა. უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით განსაკუთრებით რთულ 11 მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები და ქვათა ცვენის საწინააღმდეგო ბადეები გაკეთდა. მერია ირწმუნება, რომ ახალი გზა უსაფრთხოა და ამის დემონსტრირებისთვის რეაბილიტირებული მონაკვეთი კახა კალაძემ პირველმა გაიარა.
მარშალ გელოვანისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამკავშირებელი ახალი საავტომობილო გზა დღეს გაიხსნა. მოქალაქეები, ვინც ვაშლიჯვრის ამ მონაკვეთზე დღის განმავლობაში ხშირად მოძრაობენ, ამბობენ, რომ დროსა და ენერგიას დაზოგავენ, პიკურ საათებში დანიშნულების ადგილამდე უფრო სწრაფად და მარტივად მივლენ.
ახალი საავტომობილო გზა 2 კმ-ანი და 4 ზოლიანია. მონაკვეთი 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება, პროფესიული სასწავლებლის მიმდებარედ გადის და მარშალ გელოვანის გამზირს სწორედ ამ ტრაექტორიით უკავშირდება. ახალი გზა დღეს დედაქალის მერმა გახსნა და შესრულებული სამუშაოების უსაფრთხოება თავადვე შეამოწმა.
ამ მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს კომპანია "ბლეს სი" ჯგუფმა დაიწყო. თუმცა რთული რელიეფის გამო პროექტი ვადებში ვერ დასრულდა. იყო მეწყრის ჩამოწოლის საშიშროებაც. ახლა პასუხისმგებელი პირები ამბობენ, რომ გადაადგილება უსაფრთხოა, რადგან 11 ლოკაციაზე მოწყობილია ფერდის დამცავი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები და ქვათაცვენის ბადეები.
პროექტის ფარგლებში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა. მაჭავარიანის ქუჩის და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ, გზის შუა გამყოფი ზოლი და გამწვანებული კუნძულები მოეწყო. ტერიტორიებზე დაირგო 700-მდე ახალი ხე-მცენარე.
სამუშაოების ფარგლებში მარშალ გელოვანის გამზირის მხარეს, ფეხით მოსიარულეებისთვის მიწისქვეშა გადასასვლელი მოეწყო, სადაც დამონტაჟდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ორი ლიფტი. ახალი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 16 მლ ნახევარი ლარი დაიხარჯა. გამწვანების სამუშაოების ღირებულებამ 450 000-ზე მეტი ლარი შეადგინა.