26 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ევროპარლამენტში 13 წლის შემდეგ - როგორ აფასებენ პოლიტიკოსები სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას

სალომე ზურაბიშვილის გზავნილებთან დაკავშირებით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში თანხმდებიან, რომ პრეზიდენტს ქვეყნის გარეთ ტონი შერბილებული ჰქონდა, განსაკუთრებით კი ხელისუფლებასთან მიმართებაში. თავად მმართველი ძალის შეფასებით, მისი გამოსვლა დაბალანსებული და საგარეო პრიორიტეტების მიმართულებით სწორი იყო. განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა რეგიონში საქართველოს უსაფრთხოების გასამყარებლად სტატუსის მინიჭების საჭიროებაზე ისაუბრა.

ოპოზიცია პრეზიდენტისგან მეტს ელოდა, ხელისუფლების მეტ კრიტიკას და კონკრეტულ გადაწყვეტილებასაც - ნიკა გვარამიას შეწყალებას. ნაწილისთვის გასაგებია, რომ ქვეყნის გარეთ სალომე ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამდა და არც ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე ისაუბრებდა ვრცლად. პოლიტიკურ პარტიებში მიიჩნევენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი პოზიცია პრეზიდენტმა ევროინტეგრაციის ერთგულებასა და უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გამოხატა.

"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ გარკვეული ჯგუფების პოლიტიკური ამოცანაა შეწყალების საკითხი დღის წესრიგში დატოვონ. მმართველ გუნდში იმაზე აკეთებენ აქცენტს, რომ საერთაშორისო ტრიბუნა ყველამ სტატუსის მინიჭების ლობირებისთვის უნდა გამოიყენოს. სახელისუფლებო პარტიაში დღეს ამბობდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში კარგად წარმოაჩინა ის, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს და ეს შანსი ხელიდან არც ბრიუსელმა უნდა გაუშვას.

ევროკავშირის პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტი გუშინ 13 წლის შემდეგ პირველად გამოვიდა. ევროპის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე თვით ადრე მან პარტნიორებს აუხსნა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახში დაბრუნებას იმსახურებს და რომ ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დღის ამბები