26 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
მე მათ ვუთხარი, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, არავის გამოუთქვამს ინიციატივა, რომ რუსეთისთვის დაეწესებინათ სანქციები და მოეხდინათ რაიმე სერიოზული რეაგირება - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, კიშინიოვში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობის შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხად, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, არავის გამოუთქვამს ინიციატივა, რომ რუსეთისთვის დაეწესებინათ სანქციები და მოეხდინათ რაიმე სერიოზული რეაგირება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, ეს იყო შეცდომა და ამ შეცდომის შედეგებს ქვეყანა დღესაც იმკის.

პრემიერის თქმით, მისი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ასევე იყო ისიც, რომ ქვეყანა მზადაა კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.

"მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული, ძალიან შინაარსიანი შეხვედრები. განხილვის მთავარი თემა იყო უკრაინა და ომი უკრაინაში, რომელიც არ ჩერდება და არავინ იცის როდის დასრულდება. ეს არის მთავარი გამოწვევა, უკრაინის გარემო და გამომდინარე აქედან, ის რისკები, რომელიც შექმნა ამ ომმა და რომელიც შექმნა ამ ომმა და რომელიც არის გადამდები მთელი ევროპისთვის და მთელი რეგიონისთვის. ბუნებრივია, ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებსაც აქვს თავისი ტერიტორიული პრობლემები, უსაფრთხოების პრობლემები, რომლებიც აქვს საქართველოს. რა თქმა უნდა, ეს ორმაგად და სამმაგად უფრო საყურადღებოა.

ასევე მივიღე მონაწილეობა მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელსაც მოდერატორობა გაუკეთა ბრიტანეთის პრემიერმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, აქაც განხილვის მთავარი თემა იყო უსაფრთხოების საკითხები. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელმა მსოფლიომ და მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ არასათანადო ყურადღება მიაქცია ჩვენს ომს, რომელმაც გამოიწვია ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და მას შემდეგ რუსეთმა, სამხედრო ბაზები განათავსა ჩვენს ტერიტორიაზე და მე მათ ვუთხარი, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ ეს იყო შეცდომა. არ მიექცა სათანადო ყურადღებას ამ ოკუპაციას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დროებით ოკუპაციას.

ასევე, მე მათ ვუთხარი, რომ მაშინ არავის არ გამოუთქვამს ინიციატივა, რომ რუსეთისთვის დაეწესებინათ სანქციები და მოეხდინათ რაიმე სერიოზული რეაგირება. ეს იყო შეცდომა და ჩვენ ამ შეცდომის შედეგებს ვიმკით დღესაც. ყველა მეთანხმებოდა ამ შეფასებაში. ასევე მქონდა საუბარი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შემდეგ ეტაპს, ანუ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენი ქვეყანა არის სრულად მზად და ჩვენ დაახლოებით უკვე ივნისის ბოლოს დავასრულებთ ყველა ამ პრიორიტეტის შესრულებას და ბოლო სიტყვა უკვე სათქმელი იქნება ევროპაზე.
მე მათ ვუთხარი, რომ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ერთადერთი სწორი, პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს ევროპაში, რომ საქართველოსაც, როგორც მოლდოვას და უკრაინას მისცეს სტატუსი, ასევე მოგვანიჭონ ჩვენც სტატუსი.

ეს იყო ძირითადი საკითხები და ვუთხარი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, ეს იქნება მორიგი უსამართლობა და იქნება ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა. ამაშიც ჩვენი კოლეგები მეთანხმებიან.
მე ასევე მქონდა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრებიც. საუბარი მქონდა პრეზიდენტ მიშელთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ და ამას ყველანი დიდი აღფრთოვანებით ხაზს უსვამენ, რომ ჩვენ მომახერხეთ მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, მიუხედავად იმ გამოწვევისა, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არსებობს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები