26 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში ისტორიულ მინიმუმზეა და წინა წელთან შედარებით 1,9%-ით ნაკლებია - საქსტატი

2022 წელს სიღარიბის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 15,6 პროცენტი შეადგინა. მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. "საქსტატის" ინფორმაციით, მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 1,9 პროცენტით ნაკლებია. ირკვევა, რომ წინა წელთან შედარებით, ღარიბი ადამიანების რაოდენობა დაახლოებით, 77 000-ით შემცირდა. 

სიღარიბის დონის მნიშვნელოვან შემცირებაზე საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ, რომ ბოლო 10 წელიწადში, სოციალური მდგომარეობა ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდა. 2012 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მილიონზე მეტი მოქალაქე იყო. 2022 წელს კი მხოლოდ 574 000. აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მონაცემებს მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და მთავრობის სოციალურ პოლიტიკას უკავშირებენ. ამბობენ იმასაც, რომ სიღარიბე ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად, რაზეც ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს.  

სიღარიბის შემცირების მიმართულებით არსებულ პროგრესს, თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებენ ანალიტიკოსები. ექსპერტები ამბობენ, რომ ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ, დასაქმების ახალმა პროგრამებმა და სხვადასხვა პროექტებმა, კეთილდღეობის გაუმჯობესების კუთხით, პოზიტიური დინამიკა აჩვენა.

ოფიციალური მონაცემებით, სიღარიბის დონე ყველა ასაკობრივ ჯგუფში შემცირდა. კლების ტენდენცია ნარჩუნდება შემოსავლების უთანასწორობის მიმართულებითაც. "საქსტატის" ინფორმაციით, 2022 წელს, საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები, 17.3 პროცენტით გაიზარდა.  

დღის ამბები