26 ნოემბერი 2024,   12:54
ვრცლად
საქართველოსა და თურქეთს სტრატეგიული პარტნიორული თანამშრომლობა - საქართველოს ძირითად 10 სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის თურქეთი პირველ ადგილზეა

საქართველოსა და თურქეთს სტრატეგიული პარტნიორული თანამშრომლობა აქვთ და ურთიერთობა წლებთან ერთად წარმატებით ღრმავდება, როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და ჯანდაცვის მიმართულებებით.

საქართველოს ძირითად 10 სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის თურქეთი პირველ ადგილზეა - ჩვენი ქვეყნის მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 14%-იანი წილით. ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2023 წლის მხოლოდ იანვარ-აპრილში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 925 მილიონი დოლარი შეადგინა.

2022 წლის მონაცემებით კი სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ 809 მილიონი დოლარი შეადგინა. 2021  წელს ეს მონაცემი 2 მილიარდ 145 მილიონ დოლარზე მეტი იყო.

რაც შეეხება ინვესტიციებს, 2022 წლის მონაცემებით, თურქეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობამ 106 მილიონი დოლარი შეადგინა. 2021 წელს კი თურქეთიდან შემოსული ინვესტიცია 100 მილიონი დოლარი იყო.

დიდი მნიშვნელობისაა რეგიონის ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული პროექტები, მაგალითად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. ეს ნავთობსადენი მსოფლიოში სიგრძით მეორეა - 1768ა კილომეტრი , საიდანაც 249ა საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ნავთობსადენი იწყება "სანგჩალის" ტერმინალიდან აზერბაიჯანში, რომელსაც მოპოვებული ნედლი ნავთობი, საქართველოს გავლით, თურქეთში, ჯეიჰანის პორტში გადააქვს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ბაქო-თბილისი-ერზრუმის იგივე შაჰ-დე-ნიზის გაზსადენია. ბუნებრივი აირის სატრანსპორტო მილსადენი სათავეს აზერბაიჯანიდან იღებს და საქართელოს გავლით გაზი თურქეთში გადააქვს. მილსადენის უპირველესი მიზანია თურქეთისა და საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგება. როგორც სატრანზიტო ქვეყანა, საქართველოს აქვს უფლება მიიღოს წლიური გაზის მოხმარების 5%.

ასევე, გრძელდება აქტიური თანამშრომლობა ბუნებრივი აირის სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების "ტანაპის და ტაპის" სრულფასოვნად რეალიზაციისთვის. ტანაპი იგივე ტრანს-ანატოლიური მილსადენი შაჰდენიზის გაგრძელებაა, მილსადენი ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას "შაჰდენიზის" - საბადოდან ანუ საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთით და შემდეგ ევროპაში.

უმნიშვნელოვანესია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალიც, რომელიც ერთმანეთთან პირდაპირ აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს. რკინიგზის სიგრძე ჯამში 826  კილომეტრია, საქართველოს ტერიტორიაზე კი 254 კილომეტრი გადის.

თურქეთი, როგორც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი. ამასთან, თურქეთი, მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

ავტორები: ავთო გვასალია და სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები