26 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
ქართული დიასპორის დღე - საზღვრებს მიღმა მყოფ თანამემამულეებს და დიასპორის წევრებს, სამშობლოდან უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმართეს

ტრადიციულად, 27 მაისს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დიასპორის დღის აღსანიშნად შეიკრიბნენ. “ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის” - ფორუმის მთავარი გზავნილი წელს სწორედ ეს იყო. ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველმა დიპლომატმა გახსნა.

ადამიანებს, რომლებიც წლებია უცხოეთში ქართულ დიასპორას წარმოადგენენ, პარლამენტის თავმჯდომარემაც მიმართა. მან არაერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ როლზე, რომელსაც ისინი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ასრულებენ. უცხოეთში გადახვეწილ ქართულ დიასპორას დღეს საქართველოს პატრიარქის წერილიც წაუკითხეს. ილია მეორის გზავნილები საზოგადოებას მეუფე ანდრია გვაზავამ გააცნო.

დიასპორის დღემ, ბუნებრივია, არც პრემიერის გზავნილების გარეშე ჩაიარა. ირაკლი ღარიბაშვილმა ქართულ დიასპორას უთხრა, რომ მათზე ზრუნვა ხელისუფლების მთავარი ვალდებულებაა. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა რამდენიმე საკითხი გამოყო - მათ შორის, სამშვიდობო პოლიტიკა, ევროინტეგრაცია, ქვეყნის განვითარება და ეკონომიკა. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სწორედ "ქართული ოცნებაა" ის ხელისუფლება, რომლის მმართველობის დროსაც საქართველოში არც ომი ყოფილა და ქვეყანას არც ტერიტორიები დაუკარგავს. პრემიერ-მინისტრმა წინა ხელისუფლების შესახებაც ისაუბრა.

სამშვიდობო პოლიტიკის გარდა, ირაკლი ღარიბაშვილი ევროინტეგრაციის პროცესსა და საქართველოს გაცხადებულ, ევროპულ კურსსაც შეეხო. მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. მის განცხადებებს ფორუმის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ.

დიასპორის ფორუმი ყოველწლიურად იმართება. ღონისძიება ორგანიზატორი საგარეო საქმეთა სამინისტროა და ფორუმში მონაწილეობას დიასპორის წარმომადგენლებიც იღებენ.

დღის ამბები