26 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი - პრეზიდენტი პირველი გამობრძანდა, აუდიტორიას და საზოგადოებას მიმართა, ვერ დაგეთანხმებით, რომ რაიმე ტიპის რიგითობა დარღვეული იყო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, უწყებაში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით, რიგითობა არ დარღვეულა.

"არ ვიცი, ჩემგან რა პასუხი გინდათ, რა უნდა გიპასუხოთ, დადგენილი წესებია, რომლითაც ვხელმძღვანელობთ საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პროტოკოლის შესაბამისი სამსახური, ჩვენ ამ წესებით ვმუშაობთ და ჩვენთვის ფრიად გაუგებარია ასეთი დამოკიდებულება.

ძალიან დიდი სურვილი გვქონდა ქალბატონ პრეზიდენტს ამ ფორუმში მიეღო მონაწილეობა, შესაბამისად, მოწვეული იქნა, ის მობრძანდა, თქვა სიტყვა და დაგვემშვიდობა. პროტოკოლის შესაბამისი სამსახურები თავის ფუნქციას ასრულებენ, იქ არიან ძალიან მაღალი კვალიფიკაციის და პროფესიონალი ადამიანები და ყველას მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა, რადგან სცენის მიღმა მათი შრომა ძალიან დიდია, დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

ვინ თქვა, რომ რიგითობა დაცული არ არის?! საქართველოს პრეზიდენტი ჩემ მიერ ღონისძიების გახსნის მერე პირველი გამობრძანდა, აუდიტორიას და საზოგადოებას მიმართა, ვერ დაგეთანხმებით, რომ რაიმე ტიპის რიგითობა დარღვეული იყო. შესაბამისად, ვფიქრობ, სრულიად გაუგებარია ამ საკითხის გარშემო ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა. მახსოვს ძველი შემთხვევაც, ელჩების კონფერენციის დროს, ამიტომ ჩვენ იგივე სტანდარტით ვმუშაობთ, როგორც მანამდე ვმუშაობდით, ამიტომ არავისთვის ახალი და გაუგებარი არ უნდა ყოფილიყო, თუ როგორი პრინციპით ხდება ამ ადგილების დანაწილება, რაც შეეხება რიგითობას, საქართველოს პრეზიდენტმა პირველმა მიმართა აუდიტორიას და შესაბამისად, ჩვენ ეს დამოკიდებულება გამოვხატეთ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ“, -განაცხადა დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროტოკოლის დარღვევაზე ისაუბრა. ზურაბიშვილის შეფასებით, „ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი“. პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და აღნიშნა, რომ „არ შეიძლება 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს“.

„არ შეიძლება რომ არ ვთქვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს პროტოკოლს. ეს არ არის „მე ასე მინდა, სკამი იქ დამიდე, ან გადადექი, ჩაიჩოჩე, ჩამოიჩოჩე“ და ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის პროტოკოლის დარღვევა და პროტოკოლი არის სხვა რამე კი არა, სახელმწიფოს საყრდენი. თუ არა, იწყება გაუთავებელი - „მე პირველი ვარ, შენ მეორე“. ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი. მე დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ამით ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ მე ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები