26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ამბროლაურსა და მესტიაში, ხვალ 14:00 საათზე დაიწყება. სვანეთსა და რაჭაში ღონისძიებების მასპინძელი რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იქნება.
ღონისძიებების ფარგლებში, მესტიის სეტის მოედანზე და ამბროლაურის ცენტრალურ პარკში, მოეწყობა შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, ასევე ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვები.
საბავშვო სივრცეებში ბავშვებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ სახალისო თამაშებში და მონაწილეობა მიიღონ ხატვის, კალიგრაფიის, ძერწვის და სხვა სახის მასტერკლასებში. მათ გართობაზე იზრუნებენ კოსტიუმირებული მსახიობები და მოსიარულე ორკესტრი. ამასთან დღის განმავლობაში კონცერტებს გამართავენ ადგილობრივი შემსრულებლები.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს - 17:10 წუთზე ტრადიციულად, შესრულდება საქართველოს ჰიმნი. საზეიმო ღონისძიებები დასრულდება ქართველი შემსრულებლების კონცერტით.