26 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
ბელგოროდში აფეთქებები გრძელდება - უკრაინელების დრონებმა რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა ააფეთქეს

რუსული ბელგოროდიდან პარტიზანები გავიდნენ, მაგრამ აფეთქებები მაინც გრძელდება. უკრაინის საზღვართან მდებარე ქალაქს პანიკაში უკრაინული დრონები ამყოფებენ. ღამით განხორციელებული შეტევის შედეგად ხანძარი გაუჩნდა მთავარ გაზსადენს. უკრაინელების დრონებმა ააფეთქეს რამდენიმე ადმინისტრაციული შენობაც.

მოსკოვი კი მეორე დღეა ირწმუნება, რომ ბელგოროდში დივერსიული ჯგუფები გაანეიტრალა და კიევს მკაცრი პასუხით ემუქრება. კრემლის მუქარის კიევს ომის 455-ე დღეს აღარ ეშინია. უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან სულ უფრო მეტ შორსმსროლელ შეიარაღებას იღებს. ბრიტანეთმა კიევში "სთორმ შადოვის" რაკეტის მორიგი პარტია ჩაიტანა, გერმანია კი ფრონტზე დამატებით 110 ლეოპარდის ტიპის ტანკის გასაგზავნად ემზადება.

შეიარაღების დამატებით პარტიას კიევი უკვე 25 მაისის შემდეგ რამშტაინის ბაზაზე გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღებს. უკვე ცნობილია, რომ გერმანულ ბაზაზე უკრაინისთვის ეფ-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზეც იმსჯელებენ. თანამედროვე შეიარაღების მიღებამდე კი უკრაინული არმია საოკუპაციო ძალებს დარტყმებს ხმელეთზე, ჰაერსა და წყალში აყენებს. უკრაინული უპილოტო მცურავი დრონების შეტევის შემდეგ ჩაძირვას შავ ზღვაში კიდევ ერთი რუსული ხომალდი გადაურჩა.

მძიმე სიტუაციაა ყირიმშიც, სადაც რუსები სანგრებს თხრიან და რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდის დაცვას ცდილობენ. უკრაინული არმიის ყირიმისკენ გაშვებული დასავლურ რაკეტებს რომ ვერაფერი მოუხერხა, მოსკოვმა კიევზე შურისძიება პირველი ლედისთვის იალტაში მდებარე ბინის ჩამორთმევით სცადა. ელენე ზელენსკაიას ბინა ისევე, როგორც ქვეყნის 20%-ზე მეტი, კრემლმა მიითვისა.

დღის ამბები