26 ნოემბერი 2024,   12:56
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში გავლენების დაკარგვას ვერ ეგუება - პარტია ცდილობს დეკანოიძეს-გოცირიძეს და გუნდიდან გასულ კიდევ ოთხ დეპუტატს პოლიტიკური ჯგუფები არ შეაქმნევინოს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანა წითლიძის კრიტიკის ადრესატები ყოფილი თანაპარტიელები არიან. რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე საპარლამენტო ბლოკის დატოვების შემდეგ ითხოვენ, რომ პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ბიუროზე ამ წინადადების დამტკიცებამ კი, "ნაციონალურ მოძრაობას" ეჭვები გაუჩინა.

პარტიაში ამბობენ, რომ ფრაქციიდან 4 წევრის გარიცხვა და გოცირიძე-დეკანოიძის ინიციატივა დროში ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვევა. წითლიძე არ გამორიცხავს, რომ და-ძმა ჩხეიძეებმა, მაჭუტაძემ და ქარდავამ არამოსამართლე წევრებს მხარი სწორედ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის სანაცვლოდ დაუჭირეს.

ყოფილი თანაპარტიელების ეჭვები გაუგებარია ინიციატივის ავტორებისთვის. ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე განმარტავენ, რომ მათი წინადადება იქამდე დარეგისტრირდა, სანამ სხდომაზე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების კენჭისყრა გაიმართებოდა. დეკანოიძე-გოცირიძე ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკას ფრაქციის დაშლის საფრთხით ხსნიან.

"ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პოლიტიკური ჯგუფის შექმნის ინიციატივაზე გაკეთებულ განცხადებებს სპეკულაციას უწოდებს. პარტიაში ამბობენ, რომ წინადადების დარეგისტრირება არც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას ემთხვევა და მისი ავტორებიც ის დეპუტატები არიან, რომლებმაც საკითხს მხარი არ დაუჭირეს.

ინიციატივის და საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის დროში დამთხვევაზე კითხვები აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც, თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ ახალი პოლიტიკური ჯგუფი ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება.

ბიურომ დაჩქარებული წესით განსახილველად დეკანოიძისა და გოცირიძის ინიციატივა უკვე მიიღო, თუმცა, ჯერ უცნობია დაუჭერს თუ არა ამ წინადადებას მხარს "ქართული ოცნება".

ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი დაჩქარებული წესით ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის ინიციატივის განხილვას იწყებს. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ფრაქციიდან გასულ დეპუტატებს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ.

დღის ამბები