26 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
ხონში ცოფის შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა -  მუნიცპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა

ხონის მუნიციპალიტეტში, ცოფის შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. ლაბორატორიული კვლევებით, ინფექცია უსახლკარო ძაღლს გამოუვლინდა, რომელმაც 3 არასრულწლოვანი დაკბინა. დაავადებული ცხოველი 3 დღის შემდეგ დაიღუპა. ბავშვებს უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი აცრები, ისინი მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

ცოფის დადასტურების შემდეგ, ხონის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა, მოსახლეობას შინაური ცხოველების გარეთ გამოშვება აეკრძალა, პარალელურად მიმდინარეობს შინაური ცხოველების ვაქცინაციის პროცესი.

სურსათი ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე დაწყებული აქვთ. ხონის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია ყველა ის პირი, რომელსაც დაავადებულ ცხოველთან ახლო კონტაქტი ჰქონდათ. ყველა მათგანს უკვე ჩაუტარდა ვაქცინაცია.

იმერეთის გარდა, წელს ცოფის შემთხვევა, სამეგრელო ზემო სვანეთსა და რაჭა–ლეჩხუმშიც დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით ბოლო ერთი წლის განმავლობაში სულ 46 შემთხვევაა გამოვლენილი. სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ რომ ცხოველების გეგმიური ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს.

კარანტინის ვადებს შესაბამისი სამსახურები განსაზღვრავს, მანამდე კი მუნიციპალიტეტში პროფილაქტიკური და საპრევენციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის ამბები