26 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
ბელგოროდში განგაშის სიგნალის ხმა ისმის - უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტიზანულმა დაჯგუფებებმა შეტევა დაიწყეს

ბელგოროდში განგაშის სიგნალის ხმა ისმის. სოციალურ ქსელში უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის და ინფორმაციის თანახმად, პარტიზანულმა დაჯგუფებებმა შეტევა დაიწყეს. "რუსული მოხალისეობრივი კორპუსის" და "თავისუფლება რუსეთს" მებრძოლები, გრაივორონის გამშვებ პუნქტს დაესხნენ თავს.

შეტევა მოულოდნელი აღმოჩნდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. ოლქის მთავრობის სხდომაზე შტურმის დაწყება დაადასტურეს.

მოგვიანებით, კი ბელგოროდის გუბერნატორმა ინტერნეტში გავრცელებულ ცნობებს რუსი სამხედროების დაღუპვის შესახებ ფეიკი უწოდა და მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. თუმცა, თავად ვიაჩესლავ გლადკოვი მშვიდად არ გამოიყურებოდა.

ბელგოროდზე შეტევას, წინ "ტელეგრამ არხზე" გავრცელებული მიმართვა უძღოდა. საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრებულმა რუსმა პარტიზანებმა მოსახლეობას პირობა მისცეს, რომ პუტინის რეჟიმისგან მალე გაათავისუფლებდნენ.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინულმა დივერსიულმა ჯგუფებმა შეჭრა სცადეს. რასაც კონტრტერორისტული ოპერაცია მოჰყვა. ოპერაციის მიზანი მოწინააღმდეგის ლიკვიდაციაა.

პარალელურად, ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის უწყება ბახმუტის დაკავების შესახებ ავრცელებს ცნობას, რასაც ოფიციალური კიევი კატეგორიულად უარყოფს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქისთვის ბრძოლა გრძელდება და აგრესორს კიდევ რამდენიმე კილომეტრით დაახევინეს უკან.

რუსული აგრესიის 453-ე დღეს, ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის კომისია, ჯო ბაიდენს მოუწოდებს დანიას, ნიდერლანდებს და ნორვეგიას უკრაინისთვის ფ-16 ტიპის მოიერიშეების რეექსპორტის უფლება მისცეს. ჰელსინკის კომისიის ოფიციალური წერილი ამერიკის პრეზიდენტმა უკვე მიიღო. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ დადებით გადაწყვეტილებას ვაშინგტონი უახლოეს პერიოდში მიიღებს.

 

დღის ამბები