26 ნოემბერი 2024,   12:58
ვრცლად
დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ საქართველომ უნდა დაუწესოს სანქციები რუსეთს, რაც ნიშნავს საკუთარი ხალხის დასჯას - კობახიძე

"ქართული ოცნების" წევრები მედიასთან კიდევ ერთხელ განმარტავენ, თუ რატომ არ აპირებენ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესებას. მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, სანქციებით საქართველო მეტად დაზარალდება და გამოიწვევს ეკონომიკის სწრაფ ვარდნას.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, სანქციების გვერდის ავლა არ იქნება საქართველოში უზრუნველყოფილი.

"ძალიან მარტივად განიმარტა, თუ რას გამოიწვევდა საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება, ეს იქნებოდა -10-დან -18%-მდე ეკონომიკის ვარდნა, რაც არის სრული კატასტროფა საქართველოს ეკონომიკისთვის. რაღაც პერიოდის განმავლობაში ვეღარ ბედავდნენ სანქციებზე საუბარს, თუმცა, ახლა დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ საქართველომ უნდა დაუწესოს სანქციები რუსეთის ფედერაციას, რაც ნიშნავს საკუთარი ხალხის დასჯას. როდესაც ასეთ პირობებში ითხოვ შენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, ამის უკან დგას ერთადერთი მიზანი - ქვეყანაში ვითარების დამძიმება, ეკონომიკური პრობლემების შექმნა. იმედი აქვთ, რომ ეს ყველაფერი მიგვიყვანს მეორე ფრონტამდე, თუმცა, რა თქმა უნდა, მათი ეს მცდელობა იქნება კიდევ ერთხელ წარუმატებელი. ჩვენს გვაქვს მკაფიო პოლიტიკა - სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ არც სანქციების გვერდის ავლა არ იქნება საქართველოში უზრუნველყოფილი,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ უკვირს იმ ადამიანების, ვინც ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებას სთხოვს.

"რატომ არ უწესებს საქართველო რუსეთს სანქციებს - საუბარი ეხება იმ მიზეზებს, რის გამოც თავი შევიკავეთ, მათ შორის ეს უკავშირდება საქართველოსთვის მოსალოდნელ საფრთხეებს და საფრთხეში, მათ შორის შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ასეთი სანქციის და ბერკეტების გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მხრიდან აღმოჩნდება გაცილებით მტკივნეული საქართველოსთვის, ვიდრე რუსეთისთვის. მე მიკვირს ადამიანებისა, რომლებიც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას გადადგას ასეთი ნაბიჯი, რომელიც გამოიწვევს მეტ ზიანს საქართველოსთვის, ნაკლებ ზიანს რუსეთისთვის - რით შეიძლება იყოს ეს ნაკარნახევი?!,"- აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები