საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობა, "საქპატენტმა" აუდიტორულ დასკვნაში შეაჯამა. ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, საუბარი იმ გადაცდომებს ეხება, რასაც ადგილი გიგა კობალაძის ორგანიზაციაში რამდენიმე წელია აქვს. განსაკუთრებით ბევრი ხარვეზი საქპატენტმა არტისტებისთვის ჰონორარების შეგროვებასა და განაწილების პროცესში აღმოაჩინა. უწყებაში ამბობენ, რომ ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის, მათი კუთვნილი ჰონორარების შეგროვებით მიღებული თანხიდან დიდი ნაწილი, ასოციაციამ არაჯეროვნად და შეუსაბამოდ დახარჯა. შესაბამისად არტისტებმა კუთვნილი ფინანსური სარგებელი სრულყოფილად ვერ მიიღეს.
"საქპატენტის" მიერ დადგენილ დარღვევებს ხარვეზად არ აღიქვამს საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი. გიგა კობალაძე "კურიერთან" საუბარში ამტკიცებს, რომ "ჯი–სი–ეის" საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისია და ასოციაციის მიერ გაწეული ადმინისტრაციული ხარჯი შიდა წესდებით დადგენილ ზღვარს არ სცდება. მისივე თქმით, მანქანა და ბათუმში ბინა სწორედ საავტორო უფლებათა ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე შეიძინა. მის მიმართ ბოლო პერიოდში გაჟღერებულ ბრალდებებს კი, კობალაძე ცილისწამებას უწოდებს და საკითხზე სამართლებრივი დავის დაწყებას აანონსებს.
საავტორო უფლებათა ასოციაციისა და მისი ხელმძღვანელის მიმართ კრიტიკა მუსიკოსების მხრიდან უკვე მრავალი წელია ისმის. კულტურის სფეროს წარმომადგენლები "ჯი–სი–ეის", რომელსაც წესით ავტორების ინტერესები უნდა დაეცვა, ხელოვანები სწორედ მათი უფლებების იგნორირებასა და დარღვევაში ადანაშაულებდნენ. მათთვის გაუგებარი იყო, რა პრინციპით ხდებოდა ასოციაციის მიერ ჰონორარების გაცემა – უპასუხო კითხვების გამო, ნაწილმა "ჯი–სი–ეის" დატოვების გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ მიიღო, ნაწილი კი ამას ახლა, საქპატენტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ აპირებს.
სწორედ საავტორო უფლებათა ასოციაციაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა "ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტმა, ზაზა შენგელიამ "ღამის კურიერის ეთერშიც". მისი თქმით, "ჯი–სი–ეის" მხრიდან ხელოვანებისთვის ჰონორარების გაცემის საკითხი არაერთ კითხვას აჩენს. ზაზა შენგელიას ამბობს, რომ არტისტები მსგავსი პრობლემის წინაშე უკვე მრავალი წელია დგანან.
საქპატენტის მიერ მომზადებული აუდიტის დასკვნა, გამოქვეყნებამდე, საკანონმდებლო ორგანოში, კულტურის კომიტეტზე გუშინ განიხილეს. საკითხი სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზიც კი გახდა. საავტორო უფლებების დაცვის ნაწილში არსებული პრობლემები კანონმდებლობამ უნდა მოაწესრიგოს. კულტურის კომიტეტს მუშაობა დაწყებული აქვს.