კლინიკა "გორმედი" 4 წლის ბავშვის, სავარაუდოდ, ჩუტყვავილით გარდაცვალების შესახებ, განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ბავშვი კლინიკაში შეყვანიდან 10 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რის გამოც მას შესაბამისი კვლევები ვერ ჩაუტარდა.
კლინიკა "გორმედში" ასევე განმარტავენ, რომ 4 წლის ბავშვი ექიმის არაერთი თხოვნის მიუხედავად, თანხმლებმა პირებმა, საკუთარი ავტომობილით თბილისში წაიყვანეს:
"მოგესალმებით, გუშინდელ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით, გვინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვათ და მივუსამძიმროთ პატარა თომას ოჯახს.
აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ 4 წლის ბავშვი თვითდინებით, მშობლების მიერ, შემოყვანილ იქნა კლინიკის პედიატრიულ მიმღებში თარიღი: 17.05.23, 03:50 საათზე. არსებული სამედიცინო დოკუმენტების, ჩანაწერებისა და მორიგე მედპერსონალის (ექიმი, მედდა) განმარტებით, ბავშვს აღენიშნებოდა გამონაყარი. დედის გადმოცემით ბინაზე მკურნალობდა ჩუტყვავილის დიაგნოზით ოჯახის ექიმის რეკომენდაციით. პაციენტმა სულ კლინიკაში დაჰყო 10 წუთი, შესაბამისად ვერ ჩატარდა კვლევები, ვერ იქნა დაწყებული ადეკვატური მკურნალობა, რადგან თანმხლებმა პირებმა ბავშვი თვითნებურად გაიყვანეს მიმღებიდან, მიუხედავად ექიმის არაერთგზის თხოვნისა და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი საკუთარი ავტომობილით წაიყვანეს თბილისში( რასაც ადასტურებენ ტელევიზიებში ოჯახის წევრებიც).
შემთხვევის სრულყოფილ შესწავლას ახორციელებს კლინიკის სამედიცინო დახმარების ხარისხის მუდმივმოქმედი კომისია," - აღნიშნულია განცხადებაში.
გორში 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა. მომხდარში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს. მათი აზრით, თავდაპირველად, ინფექციური დაავადება სწორად არ მართეს, გართულების შემდეგ კი, ბავშვს საჭირო დახმარება არ გაეწია.
ფაქტის შესწავლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა დაიწყო.