26 ნოემბერი 2024,   12:21
ვრცლად
"ჩვენ, ქართველებმა, ძალიან კარგად ვიცით ომის ფასი და მშვიდობის ფასიც" - როგორი იყო ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილები რეიკიავიკის სამიტიდან

"ჩვენ, ქართველებმა, ძალიან კარგად ვიცით ომის ფასი და მშვიდობის ფასიც" - ამ სიტყვებით რეიკიავიკის სამიტის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპისთვის ყველაზე რთულ პერიოდზე გაამახვილა ყურადღება და მშვიდობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. მთავრობის მეთაურმა სამიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. პრემიერმა დღეს საქართველოს იმ გამოცდილებაზეც ისაუბრა, რომელიც ქვეყანას რუსული აგრესიის შედეგად აქვს მიღებული. მისი განცხადებით, საქართველო აცნობიერებს ომის ფასს და იცის მშვიდობის მნიშვნელობა.

უსაფრთხოების გარდა, სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიოში დემოკრატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა. თქვა, რომ საქართველო რეგიონში სამაგალითო დემოკრატიად ჩამოყალიბდა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეყნის განვითარების დღის წესრიგის მთავარი ელემენტები სასამართლო, საარჩევნო სისტემების რეფორმა და მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა. პრემიერმა მიმართვის დროს ქვეყნის ევროკავშირის წევრობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებით - ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის მომავალი უფრო განმტკიცდა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ სამიტის ფარგლებში გაკეთებულ მთავარ აქცენტებს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოეხმაურა. "კვლავ დავადასტურე საქართველოს ერთგულება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი. ერთად ყოფნით შეგვიძლია მშვიდობისა და სტაბილურობის მიზნის მიღწევა ევროპის კონტინენტზe,"-წერს ირაკლი ღარიბაშვილმა.


ოფიციალურ მიმართვამდე რეიკიავიკის სამიტზე მსოფლიო ლიდერებმა და საერთაშორისო სტრუქტურებმა ერთობლივი დოკუმენტი მიიღეს. სულ 45-მა სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ ხელი მოაწერეს ზარალის რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ომით დაზარალებულებმა ანაზღაურება უნდა მიიღონ. შეთანხმებას შეუერთდა საქართველოც. დოკუმენტს მხარი ევროსაბჭოს არაწევრმა სახელმწიფოებმაც დაუჭირეს: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და იაპონიამ.

ერთობლივი დოკუმენტის ხელმოწერამდე სამიტზე გამოსვლები სწორედ დეკლარაციის მნიშვნელობაზე საუბარს დაეთმო. აღინიშნა, რომ უკრაინაზე ფოკუსირების დროს მსოფლიოს ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს, საქართველო, მოლდოვა და ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან.

უკრაინის, მოლდოვასა და ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს გერმანიის კანცლერიც. ოლაფ შოლცის განაცხადებით, ამ მხარდაჭერის მნიშვნელობა ევროპამ "გარდამტეხი მომენტიდან მიღებული გაკვეთილიდან" დაინახა.

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა პრემიერ მინისტრმა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს პასუხობს და პროგრესი, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია ევროკავშირის შესაბამის რეაგირებას მოითხოვს.

ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების რიგით მე-4 სამიტი გუშინ გაიხსნა. ამ ფორმატით სამიტი იშვიათად ტარდება და შესაბამისად მას არსებულ გეოპოლიტიკურ ჭრილში მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. გახსნის ოფიციალური ცერემონია გუშინ გაიმართა. დელეგატებს ისლანდიის პრემიერი და ევროპის საბჭოს გენმდივანი მასპინძლობენ. სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებთან ერთად გახსნით სესიას საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დაესწრო. ევროპის საბჭოს სახელმწიფოს მეთაურთა რიგით მეოთხე სამიტი 2005 წლის შემდეგ პირველად შეიკრიბა. ორ დღიან ფორუმს 40ზე მეტი წევრი სახელმწიფოს ხელმძღვანელი ესწრებოდა.

დღის ამბები