26 ნოემბერი 2024,   12:57
ვრცლად
ქართული რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია ერთი პრინციპით მოქმედებს - დააბრალოს სხვას ის, რასაც თავად სჩადიან - ისკო დასენი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი დეპუტატი, ისკო დასენი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და წერს, რომ მთელმა საქართველომ, მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაიგო, რომ ქოლცენტრების თაღლითურ საქმიანობაში, უკრაინელ მაღალჩინოსან დავით არახამიასთან ერთად, ასევე არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე, რაც ფაქტებით დასტურდება. 

"სულ ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ, რაც მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ ე.წ. ქოლცენტრების მიერ ევროპელი პენსიონერების ძარცვის უკან დავით კეზერაშვილი დგას, უკვე მთელმა საქართველომ, მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაიგო, რომ ქოლცენტრების თაღლითურ საქმიანობაში, უკრაინელ მაღალჩინოსან დავით არახამიასთან ერთად, ასევე არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე, რაც ფაქტებით დასტურდება! ცალკე საკითხია ის, რომ რუსეთთან უმძიმეს ომში ჩართული ქვეყნის მაღალჩინოსანი ბრძოლის ნაცვლად დანაშაულებრივი სქემებით გამდიდრებისა და ევროპელი პენსიონერების გასაძარცვად იცლის!

ქართული რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია ერთი პრინციპით მოქმედებს - დააბრალოს სხვას ის, რასაც თავად სჩადიან, რათა საკუთარი დანაშაული მიჩქმალონ და კონკრეტული ტყუილების პროპაგანდირებით, საზოგადოების ყურადღება სხვა საკითხზე გადაიტანონ. შეგახსენებთ, რომ, როგორც კი ჩვენმა მოსახლეობამ ქოლცენტრების სქემის სათავეში დავით კეზერაშვილის დგომის უტყუარი ფაქტები იხილა, მაშინვე ამოქმედდა ტყუილების მანქანა და რადიკალურმა ოპოზიციამ ხელის გაშვერა სახელისუფლებო გუნდის მისამართით დაიწყო. როგორც ჩანს, გიორგი ვაშაძემ, რომელიც უმძიმეს სკანდალში გაეხვა, ტრადიციულ მოქმედების სტრატეგიას მიმართა და ამჯერად, ტალახის სროლა ჩემი მისამართით გადაწყვიტა. ბატონმა ვაშაძემ ჩემი შვილების სახელები მოიძია, შემდეგ, "პედეეფ" ფაილში კიდევ რამდენიმე ადამიანის მონაცემები ჩამოწერა და საზოგადოებას ზარ-ზეიმით ამცნო, თითქოს, ქოლცენტრების საქმიანობასთან ჩემი უტყუარი კავშირი დაადგინა, სინამდვილეში კი, არც ერთი ფაქტი და მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ მის მიერ გამოგონილ სქემაში, ვითომდა ჩართული ჩაჩი დასენის სახელითა და გვარით პიროვნება საერთოდ არ არსებოს, საუბარი კი ვინმე გასოევზეა, რომელიც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საერთოდ სხვა ტიპის დანაშაულის ჩადენის გამო, ამ დროისთვის მსჯავრდებულია და კუთვნილ სასჯელს იხდის! რაც შეეხება მის მიერ დასახელებულ ზურაბ ლეშკაშელს, ქეთევან თედორაძეს, მალხას ამოიანსა და მიხეილ არახამიას, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც მე და არც ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი მათ საერთოდ არ ვიცნობთ!

რადიკალური ოპოზიციის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვაშაძის ქმედება ერთადერთ რამეს ადასტურებს - ეს ადამიანი იმდენად არის პანიკაში, რომ აღნიშნული სიყალბის შელამაზებაც კი არ სცადა და ჩვენი მოსახლეობის წინაშე ფარატინა ფურცლით წარსდგა, რათა, პროპაგანდის მანქანამ მისი ცრუ ნარატივი აიტაცოს, სიყალბე გაავრცელოს და ქართველი ხალხის მოტყუებას კიდევ ერთხელ ეცადოს. მიუხედავად მისი მცდელობებისა, ვაშაძესაც და დანარჩენ ოპოზიციასაც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ეს არ გამოუვათ, რადგანაც სიმართლე, ფაქტები და მტკიცებულებები მათ საწინააღმდეგოდ მეტყველებს! შესაბამისად, რამდენსაც უნდა ეცადონ, ჩემი და ჩემი ოჯახის სახელის ტალახში ამოსვრასა და თავის მიერ ჩადენილი დანაშაულის ჩვენზე გადმობრალბას, ვერ შეძლებენ!

მინდა დავამატო, რომ ბატონი ვაშაძის მიერ ნახსენები კომპანია "ვიპ ტრეიდის“ შესახებ ჩემს ადრინდელ განცხადებებში ამომწურავად მაქვს განმარტებული და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს მათ, ხოლო, რაც შეეხება კომპანია "ბლექ სი როქს“, რომელზეც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი სატელიტი მედია საშუალებები ადრეც მიუთითებდნენ, ამ საკითხზე შესაბამისი წესით გვაქვს წარდგენილი სარჩელი სასამართლოში და ვითხოვთ ცრუ ფაქტების უარყოფას და მორალური ზიანის კომპენსირებას.
ბოლოს კი, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მზად ვარ ჩემი ყოველი სიტყვა დოკუმენტალურად დავადასტურო და ვიმედოვნებ, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში ყველაფერს ნათელი მოეფინება და ყველა დამნაშავე შესაბამის სასჯელს მიიღებს," - წერს ისკო დასენი. 

დღის ამბები