26 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
ცესკოს ფორმირების ახალი წესი - "საარჩევნო კოდექსსა" და "პარლამენტის რეგლამენტში" შესატან ცვლილებებს ოპოზიციის თითქმის სრული შემადგენლობა ეწინააღმდეგება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების წესში ცვლილებებს, პარლამენტის ორმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. "”საარჩევნო კოდექსსა" და "პარლამენტის რეგლამენტში" შესატან ცვლილებებს, ოპოზიციის თითქმის სრული შემადგენლობა ეწინააღმდეგება. კანონპროექტებს მხარს არ უჭერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც, საპარლამენტო მდივანი სიახლეს პრეზიდენტის როლის შესუსტება უწოდა. პროცესიდან პრეზიდენტის ინსტიტუტის შესაძლო გამოთიშვას, კანონპროექტების ავტორები გამორიცხავენ. ცვლილების ინიციატორებს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს სიახლის მიხედვით, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.

კანონპროექტების ავტორების სამართლებრივი არგუმენტები დამაჯერებელი არ არის ოპოზიციისთვის. "ქართული ოცნების" წევრები კი ოპონენტებს შეახსენებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას სწორედ ისინი ახდენდნენ, როდესაც პროცესის ჩიხში შესაყვანად პოლიტიკურ საბოტაჟს მიმართავდნენ. ხელისუფლების ოპონენტები არ გამოირიცხავენ, რომ პროექტების კანონად ქცევის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.

საპროცედუროს შემდეგ ცვლილებებზე მსჯელობა იურიდიულ კომიტეტზე გაგრძელდა. ამ შემთხვევაში დეპუტატების ნაწილის კრიტიკა ცვლილებების იმ ნაწილმა გამოიწვია, რომელიც მათი თქმით, მხარეებს შორის კონსენსუსის არსებობას გამორიცხავს. "ქართულ ოცნებაში" კი მიაჩნიათ, რომ პოლიტიკურმა ძალებმა პარტიულზე მაღლა სახელმწიფო ინტერესები უნდა დააყენონ.

ცესკოსთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვას, კამათის გარეშე არ ჩაუვლია. სიტყვიერი შელაპარაკება არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელსა და ანრი ოხანაშვილს შორის მოხდა. საბოლოოდ კი ლევან ნატროშვილს დარბაზი დაატოვებინეს.

ცესკოს ფორმირების ახალი წესის ძალაში შესვლას პარლამენტის სამი მოსმენით მხარდაჭერა სჭირდება. წინასწარ ცნობილია, რომ ცვლილების კანონად ქცევის შემთხვევაში პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს, თუმცა დღეს პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილს ვეტოს დადება მხოლოდ "საარჩევნო კოდექსზე" შეუძლია, რეგლამენტში ცვლილებებს კი ხელს პარლამენტის თავმჯდომარე აწერს.

კომიტეტების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესზე მსჯელობას პარლამენტი მიმდინარე კვირის სესიაზეც გეგმავს.

დღის ამბები