26 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა რიგით მე-20 ჯგუფი საქართველოში მუშაობას იწყებს - 16 -მა მოხალისემ ფიცი დღეს, თბილისში დადო

მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა რიგით მე-20 ჯგუფი საქართველოში მუშაობას იწყებს. 16 -მა მოხალისემ ფიცი დღეს, თბილისში დადო. ცერემონიალს შეერთებული შტატების ელჩიც დაესწრო.

მოხალისეებს შორის, ინგლისურის 13 მასწავლებელი და ორგანიზაციული განვითარების 3 მრჩეველია. სპეციალისტები ითანამშრომლებენ ადგილობრივ სკოლებსა და ორგანიზაციებთან და ხელს შეუწყობენ ახალგაზრდებში ინგლისური ენის უნარების გაუმჯობესებას, ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობას, დასაქმებისა და მეწარმეობის განვითარებას. მოხალისეები ცხოვრებას და მუშაობას საქართველოს 9 რეგიონში შეძლებენ.

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მშვიდობის კორპუსის მოხალისეები მზად არიან, რომ ასწავლონ ინგლისური, იმუშაონ ორგანიზაციებთან და ხელი შეუწყონ ახალგაზრდების განვითარებას

"ამ დღეს დიდი ხანია ველოდით. დღეს გაიმართება ფიცის დადების ცერემონია. მშვიდობის კორპუსის 16 მოხალისე დადებს ფიცს. ისინი 2 წლის წინ უნდა ჩამოსულიყვნენ საქართველოში მაგრამ კოვიდ პანდემიის გამო, ეს ვერ მოხერხდა. ამ დროის განმავლობაში მათ შეისწავლეს საქართველო და მზად არიან, რომ საქართველოში გააგრძელონ ცხოვრება, ქართველ მასპინძელ ოჯახებთან. ისინი მზად არიან რომ ასწავლონ ინგლისური, იმუშაონ ორგანიზაციებთან და ხელი შეუწყონ ახალგაზრდების განვითარებას. მშვიდობის კორპუსი უკვე მრავალი წელია საქართველოში მოღვაწეობს და ჩვენი აზრით, ეს არის ერთ-ერთი ძლიერი კავშირი ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის", - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

დღის ამბები