26 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
" ქართული ოცნება" აუდიტის სამსახურს ოპოზიციური პარტიების პარტნიორი ენჯეოების ფინანსური გამჭირვალობის შესწავლას სთხოვს - პაპუაშვილის თქმით, დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული თანხებით, პარტიული ორგანიზაციები ახალგაზრდებს რევოლუციურ სცენარებს ასწავლიან

პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ პარტიებთან ასოცირებული ენჯეოები ფინანსებს არამიზნობრივად იყენებენ. შალვა პაპუაშვილმა ამის მტკიცებულებად დღეს გირჩის, დროას და ევროპული საქართველოს საფარქვეშ შექმნილი არასამთავრობოების საქმიანობა მოიყვანა. პაპუაშვილის თქმით, დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული სოლიდური თანხებით, პარტიული ორგანიზაციები ახალგაზრდებს იარაღთან ურთიერთობას და რევოლუციურ სცენარებს ასწავლიან.

განსაკუთრებული აქცენტი პარლამენტის სპიკერმა აიარაის მიერ დაფინანსებულ სემინარებზე გააკეთა. პაპუაშვილმა რესპუბლიკურ ინსტიტუტს თანხების მიზნობრიობის გასაჯაროებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ დასავლურ ფინანსებს ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ნაწილი დესტაბილიზაციური სცენარების მოსამზადებლად იყენებს. რასაც, მისი თქმით, სამოქალაქო სექტორის განვითარებასთან საერთო არაფერი აქვს.

საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს დღეს აიარაიდან არ გამოხმაურებიან. მის მიერ დასახელებულ პარტიებში კი ენჯეოების არსებობას უარყოფენ. ამბობენ, რომ სახელისუფლებო გუნდი ამ ფორმით ოპონენტების დისკრედიტაციას ცდილობს.

მოწოდებას აუდიტის სამსახურის მიმართ, პოლიტიკური შანტაჟის იარაღად მიიჩნევენ სხვა ოპოზიციურ პარტიებში. პოლიტიკოსების თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შესრულებული ტრანშების ამ ფორმით მონიტორინგი, ქვეყანაში სამოქალაქო სექტორის დასუსტებას ისახავს მიზნად.

ოპოზიციის არგუმენტებს სპეკულაციურს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობა. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების სახელს დესტრუქციული პოლიტიკური ძალები იყენებენ, რაც მესამე სექტორის იმიჯს აზიანებს. კანონმდებლები დონორ ორგანიზაციებს, ფინანსების უფრო დაკვირვებით განკარგვისკენ მოუწოდებენ.

პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას დღის ბოლოს აუდიტის სამსახური ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. უწყებაში განმარტავენ, რომ პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი, თავისი მანდატის ფარგლებში, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს ისედაც, მუმდმივ რეჟიმში აწარმოებს.

დღის ამბები