26 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები და პრეზიდენტის ვეტო - როგორ გამოეხმაურა ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას

ოპოზიციაში გამოეხმაურნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებას, სადაც ვკითხულობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს ვეტოს დაადებს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა საკუთარი უფლებამოსილება უკეთ უნდა გამოიყენოს.

"კარგი იქნებოდა, საქართველოს პრეზიდენტს ამდენი ხნის მანძილზე გამოეყენებინა კარგად საკუთარი უფლებამოსილება, სუსის აგენტურით არ გაებერა შესარჩევი კომისია ცესკოს თავმჯდომარის და ერთხელ მაინც წარმოედგინა ცესკოს თავმჯდომარედ ღირსეული კანდიდატი, რომელსაც ექნებოდა საზოგადოების ნდობა. სამწუხაროდ, მან ეს არ გააკეთა. ეს ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები, ვფიქრობ, საზოგადოებასაც ყელში აქვს ამოსული,"-აცხადებს გიორგი ვაშაძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ვეტოს უფლება აუცილებლად უნდა გამოიყენოს, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას მისი დაძლევა შეუძლია.

"ცხადია, პარლამენტმა და პრეზიდენტმა ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ ეს შემოტანილი ცვლილებები კანონად არ იქცეს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ვეტოს დაძლევა შეუძლია უმრავლესობას, მაინც სწორი ნაბიჯია ამ ვეტოს დადება. ჩვენ უმრავლესობის მხრიდან მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც არ ტოვებს მინიმალურ შანსსაც კი, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები იყვნენ დამოუკიდებლები,"-აცხადებს ანა წითლიძე.

დღის ამბები