26 ნოემბერი 2024,   12:55
ვრცლად
აღმოჩნდა, რომ IRI აფინანსებს ღონისძიებებს, სადაც იარაღთან ახალგაზრდების გაშინაურება ხდება, ასეთი ღონისძიებების დაფინანსება ამერიკელი გადამხდელების ფულით, შოკისმომგვრელია - პაპუაშვილი

ვიცით, რა არის ამ პოლიტიკური ჯგუფის და მის ალიანსში მყოფი "დროა"-ს, "სტრატეგია აღმაშენებლის" ხასიათი, ესენი არიან რადიკალური პარტიები, არჩევნების უარმყოფლები, რომლებიც მათ შორის, ძალადობას არ ერიდებიან. პრობლემა უფრო სხვა რამეა, ეს ყველაფერი ფინანსდება უცხოური წყაროებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

პაპუაშვილის თქმით, უცხოური წყაროებიდან მიღებული ფული პირდაპირ ხმარდება ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმეებს.

"პარტნიორებთან არა ერთხელ მქონდა საუბარი, რომ მათი გადასახადების გადამხდელების ფული გამოიყენება საქართველოში ძალადობის იდეის დანერგვისთვის და ძალადობის წახალისებისთვის. აღმოჩნდა, რომ IRI პირდაპირ აფინანსებს ისეთი სახით ღონისძიებებს, სადაც იარაღთან ახალგაზრდების გარკვეული გაშინაურება ხდება, რომ მათ საჭირო დროს იარაღის დაჭერა არ მოერიდოთ. ასეთი ღონისძიებები როცა ფინანსდება ამერიკელი გადამხდელების ფულით, არის ძალიან შოკისმომგვრელი. ამ ორგანიზაციებს მოვუწოდებ, გაასაჯაროონ, რაში იხარჯება მათი ფული, ძალადობრივი ჯგუფების და არჩევნების უარმყოფლების დაფინანსება რომ ხდება, რადგან შემდეგ არ იყოს საუბარი, თითქოს, ეს ფული ქართველ ხალხს ხმარდება. ეს ფული პირდაპირ ხმარდება ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმეებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს საკითხი გადაიხედოს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი იყო, თითქოს, რომელიღაც „ენჯეო“ აწყობს ღონისძიებებს. სინამდვილეში, ეს არია ყალბი „ენჯეო“, რომელიც დაფუძნებულია „გირჩის“ პოლიტსაბჭოს წევრების მიერ. ეს არის ჩვეულებრივი სქემა, რათა კანონის გვერდის ავლით მიიღონ უცხოური დაფინანსება. მოვუწოდებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ამ სქემებით დაინტერესდეს. ასეთი რამდენიმე სქემა ვნახეთ, მათ შორის "დროას" შემთხვევა,"-განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს,"არის შექმნილი ყალბი "ენჯეოები" და ხდება უცხოეთიდან პარტიების დაფინანსება, რაც აკრძალულია საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში."

"ზოგადი წესია, რომ უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში. ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ასეთი ყალბი ორგანიზაციებისა და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში. მნიშვნელოვანია, ამას ყურადღება მიექცეს. "დროას", "გირჩს", "ევროპულ საქართველოს" ჩამოყალიბებული აქვთ ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც არის არა მხოლოდ აფილირებული ამ პარტიებთან, არამედ მათი ლიდერების დაფუძნებულია და იმართება მათ მიერ. ხდება გრანტად გაფორმება პოლიტიკური ფულის, რაც არის უკანონო დაფინანსება პარტიების. ამიტომ მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური ამ საკითხით დაინტერესდეს და ამ ორგანიზაციებმა გაასაჯაროონ დაფინანსება. მათ შორის დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ. თუნდაც, IRI-მ გაასაჯაროოს, რა მოცულობის თანხით აფინანსებს ე.წ. ენჯეოს, რომელიც სინამდვილეში "გირჩის" პარტიის გაგრძელებაა. ასევე, რა მიზნებით აფინანსებს და რატომ ხდება IRI-ის მიერ გადახდილი ფულით იარაღთან ახალგაზრდების შეჩვევა და რევოლუციური სცენარების დანერგვა. სწორედ ამაზე იყო მაშინ საუბარი, როცა ჩვენ ვსაუბრობდით უცხოური დაფინანსების გამჭვირვალეობის მნიშვნელობაზე. მაშინ, სამწუხაროდ, არასწორად იყო ეს ყველაფერი მიტანილი საზოგადოებამდე, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ სინამდვილეში, აქ სხვა ინტერესები იყო – დაფარული ყოფილიყო ის დაფინანსებები, რაც საქართველოში შემოდინება,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, "გირჩი – მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: "რევოლუციაზე საუბარი ჩვეულებრივი ამბავია, დასავლეთში, როდესაც ხელისუფლებები მიქარავენ, იციან, რომ ქუჩაში შეიძლება ბევრი ხალხი გამოვიდეს, ჩვენ ეს გზა ჯერ გასავლელი გვაქვს."

დღის ამბები