ჟვანიას მოედნის რეკონსტრუქცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
განახლებული მოედანი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა.
"ჟვანიას მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. იდენტიფიცირებული გვაქვს 12 კვანძი, რომელიც გადაადგილებისა და გამტარუნარიანობის თვალსაზრისით, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა. დავიწყეთ არსებული კვანძების მოწესრიგება.
ჟვანიას მოედანზე გაჩნდა საავტობუსო ზოლი იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა შეუფერხებლად შეძლოს გადაადგილება. აღნიშნულ ტერიტორიაზე საათში, დაახლოებით, ავტობუსების ჩათვლით, 1 400 ავტომობილი გადაადგილდებოდა. ეს რაოდენობა შენარჩუნებულია, უბრალოდ დამატებულია საავტობუსო ზოლი. დღეს გამტარუნარიანობა მეტია იმის გათვალისწინებით, რომ საავტობუსო ზოლი ცალკეა გამოყოფილი. გარდა ამისა, მოედანზე გამწვანდა თარგები, დამონტაჟდა განათების სისტემა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდა და საკმაოდ სასიამოვნო სივრცე გამოვიდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ წილოსანი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე.