26 ნოემბერი 2024,   12:58
ვრცლად
"ქართულ ოცნებაში" არ სჯერათ, რომ საპარლამენტო კომისია "ქოლ-ცენტრების" საქმეზე, საერთაშორისო გამოძიებასთან მიახლოებულ შედეგს მაინც დადებს - მათი თქმით, ოპოზიციას ამ თემით სპეკულირება სურს

პარლამენტის თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში პირდაპირ თქვა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დავით კეზერაშვილის ინტერესშია. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სწორედ კომისიის მეშვეობით სურს, წინასწარ გაიგოს, თუ რა სავარაუდო მტკიცებულებები და ეჭვები არსებობს ქართულ-გერმანულ და საერთაშორისო გამოძიებებში მის წინააღმდეგ. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ კომისიის შექმნას ერთადერთი მიზანი აქვს - ოპოზიციამ გააუფასუროს წარმატებული გამოძიება და მასალებზე წვდომის გზით, დანაშაულებრივი სქემის ლიდერები დაიცვან.

სწორედ გიორგი გახარიას გუნდია საკანონმდებლო ორგანოში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე კომისიის შექმნის ინიციატორი. ბრალდებები ადრესატებისთვის აბსურდულია. ოპოზიციურ ძალებში მმართველი პარტიის მიდგომა არ უკვირთ და ამბობენ, პარლამენტი ტრანსნაციონალურ დანაშაულს საკანონმდებლო ფორმატში კონკრეტული მიზეზით არ გამოიძიებს.

"ქართული ოცნება" საერთაშორისო დანაშაულის გამოძიებაში საქართველოს პროკურატორის მნიშვნელოვან წვლილზე აკეთებს აქცენტს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა ყველაფერი გააკეთეს საქმის გასახსნელად. სირთულის მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში უამრავი ქოლ-ცენტრი და დამნაშავე პირი, მათ შორის, სწორედ უცხოელ გამომძიებლებთან ერთობლივი მუშობით გამოვლინდა.

პროკურატურის გამოძიების მიმართ უნდობლობაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მმართველი გუნდის წინააღმდეგობა მათ უფრო არწმუნებს, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრების სკანდალის მიღმა სახელისუფლებო გუნდის ინტერესებიც დგას.

"ქართულ ოცნებაში" არ სჯერათ, რომ საპარლამენტო კომისია საერთაშორისო გამოძიებასთან მიახლოებულ შედეგს მაინც დადებს. მათი თქმით, ოპოზიციას ამ თემით მხოლოდ სპეკულირება სურს.

საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღისწესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ბრიტანულმა მაუწყებელმა, "ბიბისიმ" ევროპელი პენსიონერების კუთვნილი სოლიდური თანხების თაღლითური გზით მითვისების საქმე გამოიძია. ჟურნალისტური გამოძიების მასალებში "მილიარდიანი თაღლითობის" საქმეში ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი დასახელდა.

 

 

დღის ამბები