26 ნოემბერი 2024,   12:58
ვრცლად
ბარსელონა თუ საუდის არაბეთი - საფეხბურთო სამყარო ლიონელ მესის გადაწყვეტილების მოლოდინშია

საფეხბურთო სამყარო ლიონელ მესის გადაწყვეტილების მოლოდინშია, არგენტინელი სუპერვარსკვლავის და "პარი სენ ჟერმენის" სამომავლო თანამშრომლობა ფაქტობრივად გამორიცხულია, კლუბის ხელმძღვანელებსა და არგენტინელს შორის დაძაბული ურთიერთობაა. მესი 30 აპრილს ლორიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ოჯახთან ერთად საუდის არაბეთში გაფრინდა, რაც სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელს კლუბთან შეთანხმებული არ ჰქონდა. ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მესი ორი კვირით მთავარ გუნდს ჩამოშორდა. "სენ ჟერმენი" ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს აღარ შესთავაზებს.

36 წლის მსოფლიო ჩემპიონის შეძენით, ამ დროისთვის ორი გუნდია დაინტერესებული, ორი კლუბი განსხვავებული ფინანსური შესაძლებლობებით. მესიმ, შესაძლოა, კრიშტიანო რონალდოს მსგავსად კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს. ერ რიადის "ალ ჰილალი" სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელს ზღაპრულ კონტრაქტს სთავაზობს. "El Chiringuito"-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის მამა ხორხე მესი უკვე შეხვდა არაბული კლუბის ხელმძღვანელებს და შვილისთვის ხელფასის სახით ორ წელიწადში 600 მილიონი ევრო მოითხოვა.

ზაფხულში ბარსელონას სავარაუდოდ 8 ფეხბურთელი დატოვებს, რაც კლუბს საშუალებას მისცემს ახალი მოთამაშეები დაირეგისტრიროს, ესპანურ კლუბში ფიქრობენ, რომ მარკეტინგული თვალსაზრისით მესის ბარსელონაში დაბრუნება მომგებიანი იქნება კლუბისთვის, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს.

ბარსელონა თუ საუდის არაბეთი? მაღალი დონის ფეხბურთი თუ ზღაპრული კონტრაქტი? საბოლოოდ არჩევანი მესიმ უნდა გააკეთოს, ნებისმიერ შემთხვევაში მისი გადაწყვეტილება მისაღები იქნება, რადგან მას დასამტკიცებელი აღარაფერი აქვს. 7 ოქროს ბურთი, გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე, კოპა ამერიკაზე, ოლიმპიურ თამაშებზე, 4 ჩემპიონთა ლიგის თასი, უამრავი გოლი და დაუვიწყარი ეპიზოდი.

 

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები