ილია ბელქანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც რადიაქტიური ნივთიერების რეალიზაციას გეგმავდა. 2 მილიონი დოლარი - ეს ის თანხაა, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, 52 წლის მამაკაცს ურანის გაყიდვის სანაცვლოდ, კლიენტისგან უნდა მიეღო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ბელქანიას ხელბორკილები დანაშაულის ჩადენის ადგილზევე დაადეს და ბრალიც განუმარტეს, მანამდე კი 52 წლის მამაკაცის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობდა.
სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მალთაყვაში, დაუსახლებელ ადგილას ჩაატარეს. საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირადი ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა საშიში ნივთიერების კონკრეტული მასა იპოვეს. რადიოლოგიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ეს ნივთიერება ურანია და ბირთვულ მასალათა კატეგორიას მიეკუთვნება.
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს ქვედა ჩხოროწყუშიც, ილია ბელქანიას საცხოვრებელ სახლში. ბრალდებულის დედამ "კურიერთან" გაიხსენა, რომ დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე შვილმა ოჯახში დარეკა, თქვა რომ საქმეზე იყო და სახლში მალე დაბრუნდებოდა. მშობლები ამბობენ, რომ ბელქანიასთვის საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ, დანაშაულის შესახებ კი მაშინ გაიგეს, როდესაც მათთან სამართალდამცველები მივიდნენ. მტკიცებულებების მოპოვების პროცესში პროკურატურა ჩაერთო და ილია ბელქანიას ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინა. მას გამოძიება რადიაქტიური ნივთიერების უკანონო მოპოვებას ედავება. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. არ არის გამორიცხული, ფაქტზე სხვა პირების დანაშაულიც გამოიკვეთოს.
დაკავებულს არ ჰყავს ადვოკატი - ილია ბელქანიამ ინტერესების დამცველზე უარი თქვა. "კურიერის" ინფორმაციით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობს. 52 წლის მამაკაცის მიმართ წარდგენილი ბრალდება 5-დან 10-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებს.